Baby Bag

რატომ არის აუცილებელი თეატრში სიარული ბავშვებისთვის?

რატომ არის აუცილებელი თეატრში სიარული ბავშვებისთვის?

რატომ არის აუცილებელი თეატრში სიარული ბავშვებისთვის? – ამ თემაზე გვესაუბრება სოციალური პედაგოგი და მოზარდთა განვითარების სპეციალისტი დიანა მაკალათია.

თეატრი მხოლოდ გართობის საშუალება არ არის, ის სულის საზრდოა, რომელიც მოზარდების სრულყოფილი და ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია. ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება მცირე ასაკიდან იწყება. არსებობს რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა ატაროთ მოზარდები თეატრში:

თეატრში სიარული, სპექტაკლებზე დასწრება პირველ რიგში უვითარებს ბავშვებს გარკვეულ მანერებს, აჩვევს საზოგადოების სხვადასხვა წესს, მაგალითად იმას, რომ სპექტაკლის მსვლელობის განმავლობაში არ შეიძლება ტელეფონის გამოყენება, საუბარი, სიარული, არაეთიკურად მოქცევა. ამ დროს ხდება დაკვირვება და ქცევათა დასწავლა გარემოებების მიხედვით. ამასთანავე მათ უმუშავდებათ ნებისყოფის, შინაარსზე ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარიც, თუმცა აუცილებელია სპექტაკლი ასაკობრივად ზუსტად იყოს მორგებული ბავშვზე.

თეატრი გვეხმარება დივერგენციული აზროვნების განვითარებაში. ეს გულისხმობს პრობლემის სხვადასხვაგვარი უჩვეულო გადაწყვეტის უნარს. დივერგენციული აზროვნება კონცენტრირდება ალტერანტიული პასუხების დიდი რაოდენობის წარმოქმნაზე, მათ შორის ორიგინალური, მოულოდნელი ან უჩვეულო იდეების ჩათვლით. ამრიგად, დივერგენიცული აზროვნება ასოცირდება შემოქმედებითობასთან. ამ ტიპის აზროვნებას კრეატიულსაც უწოდებენ, რადგან გამოირჩევა იდეების სიმდიდრითა და აზრის ორიგინალურობით.

ასე რომ, თეატრი წარმოსახვის განვითარებას ხელს უწყობს, ბავშვმა შესაძლოა სპექტაკლის შემდეგ გამოთქვას ინიციატივა საყვარელი გმირებისთვის კოსტუმების შექმნის, ან დახატოს ილუსტრაცია, გაუჩნდეს რომელიმე საკრავზე დაკვრის ან ცეკვის ინტერესი, ასევე შეიძლება მსახიობობაც მოუნდეს და მინი სპექტაკლები ჩაატაროს სახლში. მნიშვნელობა ენიჭება აქ ზუსტად იმას, რომ ბავშვს ინტერესები უჩნდება, რაც მომავალში პოზიტიურად იმოქმედებს მის ცხოვრებაზე.

გთავაზობთ აქტივობას, რომელიც ჩემმა მოსწავლეებმა ცენტრში განახორციელეს, თუ მშობელი ბრძანდებით ან მასწავლებელი, შეგიძლიათ თქვენც დაამზადებინოთ მუყაოს ყუთისგან თეატრის მინი მაკეტი და სხვადასხვა მიზნით გამოიყენოთ, დადგათ საბავშვო სპექტაკლები ქართულ თუ უცხოურ ენაზე, გაიუმჯობესოთ როგორც ენობრივი უნარები, ასევე შემოქმედებითი.

თეატრში ვიზიტი მშობლებისთვის ასევე შესანიშნავი საშუალებაა ახლო კონტაქტი დაამყარონ შვილებთან, გააღრმავონ კომუნიკაცია, თუ გადატვირთული სამსახურის გამო ვერ ახერხებთ სათანადო დრო დაუთმოთ შვილებს, თეატრი მოგცემთ ერთად სასიამოვნოდ დროის გატარების საშუალებას, რომელიც გაჯერებულოი იქნება დიალოგებით, დისკუსიით, სპექტაკლის მიმოხილვით და ა.შ

თეატრი ასევე სოციალური უნარების გაუმჯობესებისთვისაც საუკეთესო გზას წარმოადგენს. ბავშვები სხვადასხვა გათამაშებული სიუჟეტის მეშვეობით სწავლობენ ადამიანთა ემოციების შესახებ, ხდებიან მეტად ემპათიურები, მათ შესაძლოა გაიგონ ისეთი ემოციების/სიტუაციების შესახებაც, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ განუცდიათ, მაგ: ძალადობა, სიკვდილი, ბულინგი და ა.შ დაინახონ სამყაროს ორი ურთიერთსაპირისპირო ძალა: სიკეთე და ბოროტება.

თეატრი ამბავს გვიყვება, ამბის თხრობა კი ეხმარება ბავშვებს ენობრივი უნარების გაუმჯობესებაშიც. თეატრალურმა პერფორმანსებმა შესაძლოა კომუნიკაციური უნარებზე დადებითად იმოქმედოს. სპექტაკლი ნამდვილად მოგვწყვეტს დროებით მაინც ტექნოლოგიურ სამყაროსგან, რომელიც ხშირად აფერხებს მოზარდის განვითარებას, მცირე ასაკიდან უყალიბდებათ ბავშვებს ტელეფონებისადმი ადიქცია, ამიტომ მსგავსი გასვლითი დღეები მათთვის განტვირთვასთან ერთად არის საშუალება რეალური სამყარო დაინახონ ისეთი როგორიც ნამდვიალდ არის.


შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად