Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2019 წლის 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით.

რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები - რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სკოლა.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

    2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „​საქართველოს ერთადერთი წარმატება განათლებაშია“ - მამუკა ბახტაძე მასწავლებელთა ხელფასებზე საუბრობს

    „​საქართველოს ერთადერთი წარმატება განათლებაშია“ - მამუკა ბახტაძე მასწავლებელთა ხელფასებზე საუბრობს

    „​სადაც პედაგოგისა და მასწავლებლის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, ასეთ სახელმწიფოს არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, შეიძლება, თავისი წარსულიც დაკარგოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სემინარის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    „პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა. მოგეხსენებათ, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ჩვენ, ჩვენი მთიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი მთავრობისთვის ვალდებულება იქნება. ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, ის არის, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც პედაგოგისა და მასწავლებლის როლი არ არის შესაბამისად დაფასებული, ასეთ სახელმწიფოს 21-ე საუკუნეში არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, მან შეიძლება, თავისი წარსული და ფასეულობებიც დაკარგოს. შესაბამისად, მინდა, თითოეულ თქვენგანს მივმართო და ვთხოვო, რომ ეს არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მაქვს იმის პატივი, რომ დღეს მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

    წაიკითხეთ სრულად