Baby Bag

„ვერ დაველოდებით 2022 წელს, საბაზო ხელფასისა და სტატუსის დანამატების ეტაპობრივი ზრდის პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ“ - პედაგოგთა პროფკავშირი

„ვერ დაველოდებით 2022 წელს, საბაზო ხელფასისა და სტატუსის დანამატების ეტაპობრივი ზრდის პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ“ - პედაგოგთა პროფკავშირი

პედაგოგთა პროფკავშირი განათლების რეფორმის საკითხებზე მინისტრის ​განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროექტის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით განხილვები ჰქონდათ, გარკვეული ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია სამინისტროს მხრიდან და პროფკავშირი მთლიანობაში პრინციპებს ეთანხმება.

„ჩვენ, მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული სქემის ცვლილებების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების პროცესში.

ცხადია, მრავალ კითხვას გააჩენს და აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს პენსიონერ პედაგოგებთან დაკავშირებული მიდგომები. ალბათ იქნება ნეგატიური შეფასებებიც, რომ სახელმწიფო ზედმეტ ყურადღებას იჩენს პენსიონერი მასწავლებლებისადმი, სხვა სფეროს დასაქმებულ პენსიონრებთან შედარებით და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ათეული წლების განმავლობაში, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 2-ჯერ ნაკლებია საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასზე და იგი ბევრად ჩამორჩება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს.

ალბათ, უნდა მივესალმოთ საქართველოს მთავრობის ჰუმანურ გადაწყვეტილებას, დაბალ ანაზღაურებაზე ათეულობით წლებით განმავლობაში მომუშავე ღვაწლმოსილი პედაგოგების ამგვარი დაფასებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯილდოს თანხა მინიმალურია.

რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცდებს: დადგა დრო, ყველა პედაგოგმა დაადასტუროს კომპეტენცია და პედაგოგთა კორპუსი ამისათვის მზად არის.
შემოთავაზებულ ცვლილებებში მასწავლებელთა შრომითი და სამართლებრივი უფლებები დაცულია. მასწავლებლებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, დარჩნენ პროფესიაში, თუ გავიდნენ პროფესიიდან. ახლა მთავარია, შემუშავდეს ისეთი ნორმატიული აქტები, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების ობიექტურ განხორციელებას პრაქტიკაში.

უმნიშვნელოვანესია, პროფესიაში არ შეიქმნას დეფიციტი და არ დაზარალდეს სასწავლო პროცესი. ბევრი მუშაობა მოგვიწევს მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლის და კარიერული წინსვლის პროცესებთან დაკავშირებული საკანონდებლო ბაზის სრულყოფაზე.

პედაგოგთა პროფკავშირის ძირითადი მოთხოვნაა ეტაპობრივად გაიზარდოს მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რასაც 2014 წლიდან ვითხოვთ. პრემიერ მინისტრისა და განათლების მინისტრის განცხადების საფუძველზე 2022 წლიდან მასწავლებლის ხელფასი იქნება 1500 ლარი და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც. ვერ დაველოდებით 2022 წელს, მიგვაჩნია, რომ საბაზო ხელფასისა და სტატუსის დანამატების ეტაპობრივი ზრდის პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ,“ - წერია პედაგოგთა პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ვაკანსია გამოცხადდა

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ვაკანსია გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე გამოაცხადა:

კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის თანაშემწე; (სამუშაო აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში)

შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: (იხილეთ დანართი)

დაინტერსებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული პოზიციებისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: [email protected] 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.

როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, სავალდებულოა, მეილის სათაურის ველში მითითებულ იქნას სასურველი ქალაქი/რაიონი და სკოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები არ განიხილება.

მათივე ინფორმაციით, ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ვაკანსიის გამოცხადების თარიღი 18/09/2019

ვაკანსიის მოქმედების ვადა 23/09/2019

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2200 220 (4906)

წაიკითხეთ სრულად