Baby Bag

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი ბათუმში აშენდება. 

პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა:

„ზუსტად ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ ბათუმში, თქვენს ულამაზეს ქალაქში დავიწყებდით ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც დღეს შენდება თბილისში და შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი თქვენს ქალაქში. აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე.

იცით, ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. აჭარაში გვყავს ძალიან ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება, მათთვის შეიქმნება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივეს გაკეთება, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭისა და ცოდნის რეალიზაცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. მე ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინე, მათ შორის, სრულიად უსაფუძვლო კირტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. 

რატომ არის ეს ეროვნული იდეა – ეროვნული იდეა განათლება იმიტომ არის, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყანად. მე ეს ღრმად მწამს. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი, უნიკალური პოტენციალი და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა დავძლიოთ. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პროექტის რეალიზაციას ვახდენთ ბათუმში,“​ - აღიშნა მამუკა ბახტაძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

წაიკითხეთ სრულად