Baby Bag

თბილისის საჯარო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს 12 საათზე იწყება

თბილისის საჯარო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს 12 საათზე იწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე​ kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ბლანკი, რათა მომხმარებელს გაუმარტივდეს ძებნა და დაზოგოს დრო ინფორმაციის შეყვანისას.

ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს აპლიკანტი ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

ახალი ბაღების ნომრებია შემდეგი:

N30 - ისნის რაიონი, ნავთლუღის ქუჩა N8;

N81 - კრწანისის რაიონი, სოფელი ფონიჭალა

N93 - დიდუბის რაიონი, მიხეილ ჭიაურელის ქუჩა N18

N101 - გლდანის მე-6 მიკრორაიონი

N102 - გლდანის მე-8 მიკრორაიონი.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია:

  • დაბადების მოწმობის ასლი
  • 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლი

მშობელს ასევე შეუძლია გადაამოწმოს ბავშვის რეგისტრაცია პირადი ნომრით იმავე გვერდზე, სადაც მოხდა სარეგისტრაციო ბლანკის შევსება. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს გაძლიერებისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ შვილებისთვის მისაბაძ მაგალითებად იქცნენ:

„პირველ რიგში, მშობლებს ვურჩევთ, რომ თვითონ გაძლიერდნენ, მისაბაძი მაგალითები გახდნენ თავიანთი შვილებისთვის. ხანდახან ბავშვს სახლობანას ვათამაშებთ ხოლმე. მშობლის მოყოლა არ მინდა, რა ხდება სახლში. ყველაფერი ცხადია. ბავშვი ყველაფერს მოყვება როლებში, პირებში, ზუსტად იმ ტექსტებს იტყვის, რა ტექსტებიც ესმის. ბავშვისთვის მიბაძვა და ​მიბაძვით სწავლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რატომ ვერ სწავლობს აუტისტური სპექტრის ბავშვი ენას? არ გამჩნევს, იმიტომ არა, რომ არ შეუძლია.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მშობელს ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა უნდა შეეძლოს, როდესაც შეცდომას უშვებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რაღაც გვეშლება და ბავშვსაც რაღაც ეშლება, ტრაგიკული სახე ამას არ მივცეთ. ბავშვს შეიძლება ბოდიში მოუხადო, რომ შეგეშალა, რომ უყვირე, რომ გამოხვედი წყობიდან. არ არის ეს შენი ავტორიტეტის დაცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ბავშვისთვის. შენ აძლევ მას მაგალითს, რომ ბოდიში მოიხადოს. დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის. „თუ შეიძლება“ ხომ არ იცის და არ იცის. ვინ უნდა ასწავლოს ეს? უცხო საზოგადოებაში რომ შევა, ნივთს რომ მოკიდებს ხელს და აიღებს, რომ ვეკითხებით: „თუ შეიძლება?“ მერე ისიც იმეორებს. ​ასეთი რაღაცები დაკავშირებულია ეთიკურ განვითარებასთან.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღმა ბავშვს უპირველესად წესების დაცვა და ჯგუფში თანამშრომლობა უნდა ასწავლოს:

„ექვს წლამდე მოვიდა ბავშვი, ინტელექტი განუვითარდა, ​სოციალურად უკვე წარმოსახვით თამაშებს უნდა თამაშობდეს. სამი წლის ასაკში ბავშვს კარგი ფანტაზია აქვს. ემპათიას ბავშვი წარმოსახვითი თამაშით, ჯგუფური თამაშით სწავლობს, წესებს მიჰყვება. ექვსი წლისთვის ეს ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს. საბავშვო ბაღმა უნდა ასწავლოს ბავშვს წესის დაცვა, გჯუფში თანამშრომლობა. ბავშვები ფეხბურთს რომ თამაშობენ, ბურთს არ აწვდიან ერთმანეთს. რომ ეკითხები რატომ, ის გაიტანს გოლს და მე არ გამოვჩნდებიო, გპასუხობენ. ასე იზრდება ჩვენი თაობები.“

„სასკოლო მზაობა არ არის, რომ ბავშვმა წერა-კითხვა იცის. ახლა ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებმაც ორი წლის ასაკში იციან ციფრები, ასოები, წერა და კითხვა, მაგრამ რად გინდა?! კომუნიკაცია არ შეუძლიათ, წერონ და იკითხონ. სკოლისთვის მზაობა არის მითითების შესრულება, ჯგუფის წესების მიყოლა, მოთხოვნის შესრულება. მე რომ მინდა და ისე ვაკეთებ, მაგრამ რომ არ მინდა და მაინც ვაკეთებ, აი, ეს არის ის ნახტომი, რომელიც არის სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის. სკოლაში მე მოთხოვნით უნდა ვაკეთებდე რაღაცებს. მე უკვე ჩემს ქცევაზე ვარ პასუხისმგებელი და მაინტერესებს ​მასწავლებელი და მშობელი რას იტყვიან ჩემს მიღწევაზე. ეს არის ძალიან სასარგებლო და ძალიან საშიში პერიოდი. ჩვენ თუ არასწორი უკუკავშირი მივეცით ბავშვს, შეიძლება თვითშეფასება საერთოდ დავუგდოთ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“

წაიკითხეთ სრულად