Baby Bag

თუ საგამოცდო ბარათი დაკარგეთ...

თუ საგამოცდო ბარათი დაკარგეთ...

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი. ამასთან, ბარათის ამობეჭდვა იმდენჯერაა შესაძლებელი, რამდენჯერაც აპლიკანტს დასჭირდება. 

რამდენიმე წელია, რაც საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა პირადი გვერდიდანაა შესაძლებელი - online.naec.

წინა წლებში ბარათებს სკოლებში არიგებდნენ, დაკარგვის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის უნდა მიემართა. მას შემდეგ, რაც საგამოცდო ბარათი A4 ფორმატისაა და მისი ამობეჭდვა პირადი გვერდიდან ხდება, აპლიკანტს არიდებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ინსტრუქცია:

  • აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის;
  • პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“.
  • მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
  • ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრო დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას აძლიერებს

განათლების სამინისტრო დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას აძლიერებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში აძლიერებს დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას.

უწყების ცნობით, ამ მიმართულებით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს ექსპერტების, ახალგაზრდა პროგრამისტებისა და დიზაინერების გუნდი 2019 წლიდან აქტიურად მუშაობს და დღეისათვის უკვე შექმნილია I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი დამხმარე ელექტრონული რესურსები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით. შესაბამისად, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში უკვე შეუძლიათ აღნიშნული რესურსების სატესტო რეჟიმში გამოყენება https://school.emis.ge/ .

„ახალი სკოლის მოდელის“ განმახორციელებელი გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას მუსიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დამხმარე ქართულენოვანი ელექტორნული რესურსების შექმნაზეც.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რესურსების შექმნის პროცესში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი ჩეთბოტების სახით. ჩეთბოტი არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ ენის დამუშავების საშუალებით, მოსწავლესთან დიალოგში შედის და მას აძლევს პასუხს დასმულ შეკითხვაზე.

პროექტის ფარგლებში შექმნილია სულ ხუთი ჩეთბოტი, როგორც საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსებისთვის, ასევე „ახალი სკოლის მოდელისთვის“, რომელიც ჩაშენებულია პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ახალი სკოლის მოდელი - New School Model და მომხმარებელს პასუხობს რეფორმის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით წამოჭრილ შეკითხვებზე. „ახალი სკოლის მოდელის“ „ციფრულმა თანამშრომელმა“, ჩეთბოტმა ფეხი აუწყო მიმდინარე მოვლენებს და „დაისწავლა“ ყველა ის ხშირად დასმული შეკითხვა, რაც დისტანციური სწავლების პროცესში წარმოიშვა. ჩეთბოტი ეხმარება სასკოლო საზოგადოებას დისტანციური პრაქტიკის დანერგვაში. სატესტო რეჟიმში ჩაშვებიდან დღემდე, ჩეთბოტმა 1177 მომხმარებლის შეკითხვას უპასუხა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსები მოსწავლეებს ეხმარება კომპლექსური დავალების დამოუკიდებლად შესრულებაში. მათ სთავაზობს სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოებებს, გეზის მიმცემ, დამაფიქრებელ შეკითხვებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელთა კეთების პროცესში მოსწავლე გაიაზრებს საგნის თეორიულ ასპექტებს და შექმნის შემოქმედებით პროდუქტს,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

წაიკითხეთ სრულად