Baby Bag

თუ საგამოცდო ბარათი დაკარგეთ...

თუ საგამოცდო ბარათი დაკარგეთ...

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი. ამასთან, ბარათის ამობეჭდვა იმდენჯერაა შესაძლებელი, რამდენჯერაც აპლიკანტს დასჭირდება. 

რამდენიმე წელია, რაც საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა პირადი გვერდიდანაა შესაძლებელი - online.naec.

წინა წლებში ბარათებს სკოლებში არიგებდნენ, დაკარგვის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის უნდა მიემართა. მას შემდეგ, რაც საგამოცდო ბარათი A4 ფორმატისაა და მისი ამობეჭდვა პირადი გვერდიდან ხდება, აპლიკანტს არიდებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ინსტრუქცია:

  • აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის;
  • პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“.
  • მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
  • ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

„ვიცი, რომ ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი და ტყვიებს გამოისვრიან, მაგრამ ჩემი აზრი სკოლების/უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, რომელიც ხშირად მაქვს გაჟღერებული, არ შემიცვლია. ჩვენ მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან სერიოზულ მავნე შედეგს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს გარდაუვალია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას.

გასაგებია, რომ განსაკუთრებით გართულებულ ეპიდსიტუაციაში (ისიც მხოლოდ შესაბამის ადგილებში) სწრაფად შეიძლება ხოლმე დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება - უსასრულო დროით, ყველაფერი რომ ღიაა ხოლმე და ყველა თავის ნებაზე დადის, სასწავლო დაწესებულებები მაინც დაკეტილია.

​ბოლო დროს ონლაინ საახალწლო ზეიმები და კომპიუტერის ეკრანთან კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები გულსაკლავი საყურებელი იყო. მშობლებისგან ისეთი ისტორიები მესმის, ბევრ ოჯახს ტანჯვად აქვს გადაქცეული პანდემიის მთელი ეს პერიოდი. ზუსტად ვიცი, ვიღაც გამოხტება ახლა და მეტყვის, რა დროს ამაზე ლაპარაკია, ხალხი იღუპებაო. ამის შეხსენება მე ნამდვილად არ მჭირდება. კორონავირუსის შედეგებს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ვუყურებ. უბრალოდ მაინცდამაინც სასწავლო დაწესებულებების მუდმივად მიკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ საკითხს რომ ვერ წყვეტს, ამას ხომ ვხედავთ?

​წარმომიდგენია, სასწავლო დაწესებულებები რომ არ ჩაკეტილიყო, მთლიანად ამას დაბრალდებოდა შემთხვევების რაოდენობის ასეთი სწრაფი აღმავლობა.

​რა შედეგი გამოიღო ბავშვების და ახალგაზრდების გამოკეტვამ? ახალი შემთხვევების რაოდენობით მაინც მსოფლიო ლიდერები გავხდით და ბავშვებს ინფექციის გავრცელების კუთხით ასეთი დრამატული დამატებით რა უნდა ჩაედინათ? აღარაფერს ვამბობ სტუდენტებზე, რომლებიც ზრდასრულები არიან და ნებისმიერი სხვა ჯგუფების მსგავსად მარტივად შეძლებდნენ შესაბამისი წესების დაცვას. განსაკუთრებით უცნაურია, რაც მესმის სალიცენზიო/რეზიდენტურის გამოცდების შეზღუდვის შესახებ.

​მოკლედ, იქნებ ცოტა ოპერატიულად მოვახდინოთ ხოლმე ეპიდსიტუაციაზე რეაგირება სასწავლო დაწესებულებების გახსნის თვალსაზრისით. აშკარად უფრო სწრაფია რეაგირება ბიზნესის გაღება/დაკეტვის კუთხით და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ შეზღუდვების ცუდი შედეგი ეკონომიკაზე პირდაპირ და მკაფიოდ ჩანს. სასწავლო პროცესის შეჩერების შედეგებს ასე სწორხაზოვნად ვერ ვხედავთ, ზეწოლაც შესაბამისი სექტორის მხრიდან არ არის (საგანმანათლებლო სექტორისგან, ცხადია, ისეთი წნეხი არ არის, როგორც ბიზნესის მხრიდან) და ასე „იოლად გადის“ ეს თემა. მართალია, სასწორის ერთ მხარეს უმძიმესი დაავადებაა (ოღონდ არა ბავშვებში), მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ახალგაზრდების/ბავშვების მენტალური სტატუსი და განათლების ხარისხია,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

წაიკითხეთ სრულად