Baby Bag

10 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენი შვილის მასწავლებელს

10 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენი შვილის მასწავლებელს

სკოლა ბავშვისთვის მეორე სახლია. ეს ის ადგილია, სადაც სახლის მერე ყველაზე მეტ დროს ატარებს. თუ დავთვლით, ადამიანი თავისი ცხოვრების 16 000 საათს სკოლაში ატარებს. სკოლაში ბავშვები არა მარტო სწავლობენ, არამედ მშობლებისაგან დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ეჩვევიან და პიროვნებებად ყალიბდებიან. 

თუ გაინტერესებთ, რას აკეთებს, როგორ სწავლობს და ვითარდება თქვენი შვილი სკოლაში, მაშინ დაუსვით მის მასწავლებელს ეს 10 კითხვა:

1. როგორი პროგრესი აქვს ბავშვს სწავლის მხრივ?

2. რა მხრივ სჭირდება უფრო მეტად ხელის შეწყობა, რომ უკეთესი წინსვლა ჰქონდეს?

3. როგორია სკოლაში მისი ემოციური მდგომარეობა?

4. არის თუ არა ბულინგის მსხვერპლი?

5. როგორია მისი მორალური განვითარება?

6. რომელია მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

7. როგორ შემიძლია დაგეხმაროთ თქვენ, ჩემი შვილის მასწავლებლებს?

8. როგორ შეიძლება დავეხმაროთ შვილს სწავლის პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების დროს?

9. რომელი სფერო უფრო მეტად აინტერესებს, რითი დავაკავოთ სახლში ბავშვები - ხატვით, სპორტით...?

10. რა შედეგებს უნდა ველოდო ჩემი შვილისგან სასწავლო წლის ბოლოს?

მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა დადებითად აისახება ბავშვების განვითარებაზე. 

მომზადებულია moms.com-ის მიერ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ინდოელ მოსწავლეებს თავზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს, რათა ტესტის პასუხები ერთმანეთისგან არ გადაეწერათ

ინდოელ მოსწავლეებს თავზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს, რათა ტესტის პასუხები ერთმანეთისგან არ გადაეწერათ
ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით ჰავერის რაიონში მდებარე ერთ-ერთი კოლეჯის წარმომადგენლებმა საჯარო ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რაც ცოტა ხნის წინ გამოცდაზე მოხდა. კოლეჯის მოსწავლეებს თავზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს, რათა მათ ტესტის პასუხები ერთმანეთისგან არ გადაეწერათ. ინფორმაციას cnn ​ავრცელებს. სკოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოცდის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში განათავსა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

გამოცდის დაწყებამდე ყუთები წინა მხარეს ამოჭრეს, რათა მოსწავლეებს დაფისა და ტესტის ფურცლების დანახვა თავისუფლად შეძლებოდათ, თანაკლასელების ნამუშევრებს კი ვერ ხედავდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები კოლეჯის ადმინისტრაციას სასტიკად აკრიტიკებდნენ. აღნიშნული ფაქტი არც ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა. განათლების მინისტრმა მოსწავლეებისადმი მსგავს დამოკიდებულებას „მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა: „არავის აქვს უფლება მოსწავლეებს ისე მოექცეს, როგორც ცხოველებს ექცევიან.“ სკოლის ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროს ახსნა-განმარტებითი ბარათი წარუდგინა და აღნიშნული ფაქტის გამო საჯარო ბოდიშიც მოიხადა.

კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, ფოტოზე სკოლის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტია ასახული. გამოცდის დაწყებამდე მუყაოს ყუთების გამოყენებასთან დაკავშირებით სკოლამ მშობლებისგან და ბავშვებისგან თანხმობა წინასწარ მიიღო. გამოცდა სულ 72 მოსწავლეს ჩაუტარდა, მაგრამ მუყაოს ყუთები მხოლოდ 56 ბავშვს ეკეთა, რადგან დანარჩენი ბავშვების მშობლებმა ექსპერიმენტის შესახებ არაფერი იცოდნენ. ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ბავშვის მშობელი მუყაოს ყუთების გამოყენებას წინასწარ დათანხმდა.

„ექსპერიმენტში მოსწავლეები თავიანთი სურვილით მონაწილეობდნენ. ჩვენ არავისთვის დაგვიძალებია. ზოგიერთმა ბავშვმა თანხმობა განაცხადა, ზოგიერთმა კი უარი თქვა, მათი შეწუხება ან აღელვება არც გვიფიქრია,“ - განაცხადა კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მოსწავლეებმა ყუთები წინასწარ დაამზადეს და სახლიდან სკოლაში თავად მოიტანეს. ზოგიერთმა მათგანმა ყუთი გამოცდის დაწყებიდან 15 წუთში მოიხსნა, ეს მათ თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული. მოცემულ კოლეჯში გასულ წელს გამოცდებზე მასობრივი გადაწერის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის სტრატეგიების შემუშავების ექსპერიმენტული გზების ძიება დაიწყეს.

გამოცდებზე თაღლითობა ინდოეთში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. 2015 წელს ბიჰარის შტატში გადაიღეს ფოტო, რომელზეც მოსწავლეების მშობლები არიან ასახულები. ისინი თავიანთ შვილებს გამოცდის პასუხების ფურცლებს სკოლის ფანჯრებიდან აწვდიან.

ინდოეთის განვითარებადი ეკონომიკის პირობებში განათლება საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ესახება. სწორედ ამიტომ მშობლებისა და სკოლების წარმომადგენლების მხრიდან მოსწავლეებზე ზეწოლა ძალიან დიდია. ისინი ბავშვებისგან გამოცდების საუცხოოდ ჩაბარებას ელიან, რაც მოსწავლეებში გადაწერისა და საგამოცდო თაღლითობისადმი მიდრეკილებას ზრდის. გამუდმებით სტრესულ ვითარებაში ყოფნა კი სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. წლის დასაწყისში ინდოეთის სამხრეთით მდებარე ტელანგანას შტატში 19-მა მოსწავლემ გამოცდების ცუდი შედეგების გაგების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

წყარო: ​cnn

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად