Baby Bag

„ჩემო გემრიელებო, წუწუნებო, ბაჯაღლოებო, ვწერთ შეუჩერებლად!“ - მასწავლებლის მიმართვა აბიტურიენტებს

„ჩემო გემრიელებო, წუწუნებო, ბაჯაღლოებო, ვწერთ შეუჩერებლად!“ - მასწავლებლის მიმართვა აბიტურიენტებს
ბათუმის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, შპს „მეგასკოლის" ხარისხის მართვის მენეჯერი ანა ლორია სოციალურ ქსელში წინასაგამოცდოდ აბიტურიენტებს მიმართავს:


​„ალბათ, უცნაური მოლოდინის ჟრუანტელი გივლით ახლა ტანში. ხვალ გამოცდაა. ვინ იცის, რა მოვა? როგორი სირთულის ტექსტი იქნება? თქვენი ორჭოფობა რომ ვიცი, დაიწყებთ ახლა სიღრმეებში ბოდიალობას, არიქა, აქაა მთავარი სათქმელიო. ზოგი გვირილასავით მიუდგება, ან ეს იქნება, ან- ესო... გახსოვთ ხომ ამ დროს ჩემი რეაქცია? 

ხოდა, თუ არ გინდათ გაბრაზებული ანიკო საჰაერო დილიჟინსით შემოგიფრინდეთ აუდიტორიაში და კაპასი თვალებით გადმოგხედოთ, დროულად მიაგენით მთავარ სათქმელს! 

თორემ გპირდებით, ერთი ანიკო რა რთული ასატანია და გაავებული რომ ათას ატომად დავიშლები და მოვეფინები აუდიტორიებს, მერე ნახეთ თქვენ! ..
ამიტომაც, პირველ რიგში, როცა ჩართავთ საგამოცდო პროგრამას და ტესტს დაინახავთ, გაიღიმეთ! თან როგორ იცით, აი, უბედნიერეს ადამიანად რომ წარმოიდგენს თავს კაცი, ისე (გეცბის ღიმილი მოუხდება აქ).

მეორე, რასაც აკეთებთ, გადახედავთ გრამატიკას და თვალში რომ შეგეჩხირებათ ათასჯერ გასწორებული შეცდომები, ისევ გაიღიმეთ. ხო მარტივია? ახლა ესეს შევხედოთ. ვითომ გერთულა? ამოხედე სათვალთვალო კამერას: ნახე, თვალს გიკრავ. დამინახე ხო? თითქოს რთული ესეა? გატყუებენ, ეს ხრიკია...აბა, დააკვირდი - რა მარტივი ყოფილა...ბიჭოს! ამოისუნთქე ხო? კარგია... 


ესეს სტრუქტურა იცი და მოდი, ახლა თემას გადავხედოთ. ლექსი და მოთხრობა... გეცნოთ ხომ ერთ-ერთი? ეს უკვე მაგარია...რომელი აარჩიოთ?.. გადახედეთ შინაარსს, რომლისკენ გაგიწევთ გული? ისევ ორჭოფობთ?.. უნდა დაგეხმარო თ რა...იგრძენით ნიავი? უფრო სიო, ხო? .. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ხოდა მარჯვენა მხარეს შემოისვით ლექსი, მარცხენა მხარეს-მოთხრობა... და დამელოდეთ...სულ 1-2 წუთი და მოვფრთხიალდები...ჰეეე, საიდან გრძნობთ ქროლას? თუ მენდობით, მოგაგებინებთ ამ რაუნდს.. ანუ ავირჩიეთ? გადასარევია.... ვიწყებთ წერას...ვისხენებთ ყველაფერს, რამდენს ვბჭობდით მთავარ სათქმელზე? აქედან ვგრძნობ, როგორ გინათდებათ გონება!!! 


აუ, ახლა რომ შემეძლოს, ყავას ან ცხელ შოკოლადს მოგირბენინებდით, კანფეტსაც მოვაყოლებდი ან ფუნთუშას და შეგიქმნიდით კომფორტულ ზონას. ამის გარეშეც შეიძლება! წარმოდგენაში გააცოცხლებთ ჩვენს ოთახს (ატიკუსეთს) და შეუდგებით წერას, დარწმუნებული და თავდაჯერებული... რა კარგად გამოგდით, ყოჩაღ თქვენ! გრძნობთ ხო მონიტორის დაჟინებულ ცქერას? ფანჯრის მინაც ირეკლავს რაღაც ნათებას, ხო? საათის ისარი გასუქებული გეჩვენება?.. აი , რამდენ ადგილას ვარ ჩამალული და რაღა გაშინებთ? თუ მაინც ვერ დაძლიე შიში, მაშინ ირგვლივ ჰაერს დააკვირდი, როგორ დამძიმდა... ნუ მსუბუქი არ ვარ... დამაცქერდით და ისე მარტივად მიგანიშნებთ, ვერავინ გაიგებს!  


აბა, ჩემო გემრიელებო, წუწუნებო, ბაჯაღლოებო, ვწერთ შეუჩერებლად!.. ძალიან მიყვარხართ და ეს სიყვარული იმდენად დიდია, არ მოგცემს შეჩერების უფლებას!!!“ - წერს მასწავლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა - naec

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა - naec
2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში შევა ცვლილება. წინა წლების მსგავსად ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.
ისტორია
გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“.
„ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ - აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.

„ისტორიული მოვლენის შეფასება“ - აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი - შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება.
უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.
იხილეთ ნიმუში
მათემატიკა

​აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
იხილეთ ნიმუში

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სხვადასხვა საგანში

აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული საგამოცდო ტესტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
წაიკითხეთ სრულად