Baby Bag

სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება

სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება

სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საელჩო უზრუნველყოფს პედაგოგების გადამზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ანტონიო ბარტოლის განცხადებით, იტალიის მთვარობის ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით, სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება. 

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს პირველად, განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე, ქართველი ახალგაზრდები სამაგისტრო პროგრამას იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან.

მხარეები შეთანხმდნენ მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც, რაც საგრანტო და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას გულისხმობს.

გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის სფეროშიც. ელჩის ინიციატივით, ხელი შეეწყობა სამუზეუმო სივრცის საგანამანათლებლო მიზნით გამოყენებას, რაშიც სკოლები ჩაერთვებიან და მოსწავლეები მეტად გაეცნობიან იტალიურ კულტურას,“ - აღნიშნულია განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 4 ივნისს გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, 

1. დისტანციურ სასწავლო პროცესში მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი:

2. ონლაინ აკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

ა) I-IV კლასებში – 20 წუთი;

ბ) V-IX კლასებში – 30 წუთი;

გ) X-XII კლასებში – 40 წუთამდე.

3. რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

4. რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, 2020 წლის 30 მარტიდან დისტანციური სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლა თავად განსაზღვრავს დროებით საათობრივ ბადეს ისე, რომ დროებითი საათობრივი ბადე ითვალისწინებდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის დამტკიცებულ ყველა საგანს.

„დროებითი საათობრივი ბადის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ხორციელდება 56-ე მუხლით განსაზღვრული საათობრივი ბადის საფუძველზე სკოლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში დაზუსტებული საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად,“ - წერია ბრძანებაში. 

დოკუმენტის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე II სემესტრში მოსწავლეები შეფასდებიან I-IV კლასებში განმავითარებელი, ხოლო V-XII კლასებში განმავითარებელი და/ან განმსაზღვრელი შეფასებით სკოლის მიერ თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად შეთავაზებული ფორმით.

ბრძანებაში ასევე წერია განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის წესი. დოკუმენტის თანახმად, სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლის შეფასებისას რომელ შესაძლებლობას/შესაძლებლობებს გამოიყენებს. სამინისტრო და რესურსცენტრები მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევენ სკოლებს.

ამასთან, ბრძანებაში მოცემულია ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მოსწავლე წლიური ქულის ამაღლებას შეძლებს. 

ბრძანების თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლაში არ ტარდება გამოცდები, რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება საგანში წლის განმავლობაში მიღებული მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ უფიქსირდება საგანში მიმდინარე დავალებების ქულები, შეფასდება ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე.

2019-2020 საწავლო წელს კერძო სკოლები და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები დამოუკიდებლად იღებენ გამოცდების ჩატარების გადაწყვეტილებას და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავენ გამოცდის ფორმას.

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სკოლები თავად განსაზღვრავენ შემაჯამებელი დავალებების რაოდენობას.

გაეცანით ​ბრძანე​ბას დეტალურად ამ ბმულზე - ​ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში

წაიკითხეთ სრულად