Baby Bag

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

საქართველოს საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერია განსაზღვრული.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. რადგან წელს 15 სექტემბერი კვირა დღეს ემთხვევა, 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. 

ამასთან, 2019-2020 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ კაცი აღზრდილი არ არის, ცოდნა მის ხელში საშიშია. მთავარია არა სწავლა, არამედ აღზრდა,“ - შალვა ამონაშვილი

ცნობილი ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი სკოლის ძირითადი დანიშნულებისა და ფუნქციის შესახებ საუბრობს, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სკოლა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებაა:

„მე არ ვიცი, როგორ გაუჩნდა ვიღაც მეცნიერს თავში აზრად, რომ სკოლისთვის დაერქმია სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება. სკოლა არ არის სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, თანაც ტერმინიც არასწორია: სასწავლო და მერე აღმზრდელობითი, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მთავარია არა სწავლა, არამედ აღზრდა. თუ კაცი აღზრდილი არ არის, ცოდნა მის ხელში საშიშია.“

შალვა ამონაშვილის თქმით, სკოლა მოსწავლისთვის კიბის ფუნქციას ასრულებს, რომელზეც ის თავისი სულიერებით უნდა ამაღლდეს:

„ამრიგად, რას ნიშნავს სიტყვა „სკოლა?“ ეს არ არის ჩვეულებრივი სიტყვა. მას ძალიან ღრმა ძირი აქვს, მომდინარეობს სანსკრიტიდან, მერე შეიჭრა ლათინურში და იქიდან მოგვივიდა ჩვენ. სკოლა (შუალე, სქულე) - ეს ტერმინი ერთი ფუძიდან მოდის. თარგმანში აი, რას ნიშნავს ეს სიტყვა: „სკოლა“ - კიბე, რომელზედაც მიემართება ჩვენი სული და სულიერება, ეს არის კიბე, რომელზეც მიემართება და მაღლდება ბავშვი თავისი სულიერებით. მაშინ თუ სკოლა კიბეა, კითხვა უნდა გაგვიჩნდეს, თუ სად არის ეს კიბე? რომელიღაც ქუჩაზე? წარმოუდგენელია ასეთი კიბეები ქუჩაზე. სკოლა არის მასწავლებელი. ეს კიბე მასწავლებელშია.“

„კარგი მასწავლებელი კარგი კიბით მიდის. ცუდი მასწავლებელი ცუდი კიბით მიდის. ნიჭიერი მასწავლებელი ნიჭიერ კიბეს მიუშვერს ბავშვს, შემოქმედი მასწავლებელი შემოქმედ კიბეს მიუშვერს ბავშვს. ბავშვმა მასწავლებლის მეშვეობით უნდა გაიაროს ცხოვრება, შეიაროს ცხოვრებაში. მასწავლებელი არის როგორც ბროლის ფანჯარა, გახედავ და ყველაფერი ჩანს, მაგრამ შუშას ვერ ხედავ. ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი და მაშინ ხდება ის ბავშვისთვის კიბე და საყვარელი ადამიანი. ბავშვს ენატრება და უნდა ასეთი მასწავლებელი. მას არც ჩიჩინი უნდა დაჯექი და საშინაო დავალება მოამზადეო. აი, ეს არის სკოლის ნამდვილი აზრი. სკოლა მასწავლებელშია და არა შენობაში,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად