Baby Bag

2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი დაინერგება

2020 წლიდან  ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი დაინერგება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი 2020 წლიდან შევა ძალაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართლ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მინისტრის თქმით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა:

„2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აპლიკანტს! მადლობა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებაში.“ 

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაგვიანებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა და სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა იმისათვის, რომ აპლიკანტებისთვის გამოცდები კომფორტული გარემოში ჩატარებულიყო. გარდა იმისა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემით, ადგილზე მუდმივად მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

წლევანდელ გამოცდებზე უპრეცედენტოდ დიდი - 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდებზე დაახლოებით 95%, ხოლო საგრანტო კონკურსზე 82% გამოცხადდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წელს საგამოცდო პროცესში ცვლილებები შევიდა - ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი მაინც ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

უკვე დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.


შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს - იხილეთ დოკუმენტი

განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს - იხილეთ დოკუმენტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.

შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.

დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.

ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;

ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
დოკუმენტი სრულად იხილეთ ​აქ.
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები და საბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები. 

წაიკითხეთ სრულად