Baby Bag

„სიტყვით გამოუთქმელი სიკეთე ჩვენს რეალობაში“ - საოცარი საჩუქარი მასწავლებელს სკოლისგან, სადაც 2 წლის წინ ასწავლიდა

„სიტყვით გამოუთქმელი სიკეთე ჩვენს რეალობაში“ - საოცარი საჩუქარი მასწავლებელს სკოლისგან, სადაც 2 წლის წინ ასწავლიდა

რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი, ვიდრე გულწრფელი მადლიერება, შენი შრომის დაფასება და იმის ცოდნა, რომ შენი დაწყებული საქმე ისევ ისე კაშკაშებს და აკვირვებს სხვებს.

სწორედ ასეთ სიხარულზე წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი, რომელიც 2 წლის წინ უწერის სკოლაში ასწავლიდა. სკოლამ ლელა მასწავლებელზე ვიდეო გადაიღო, რომელსაც მასწავლებელი სიტყვით გამოუთქმელ სიკეთედ აფასებს:

„მეგობრებო, დღეს ასეთი საოცარი (ამ სიტყვის მთელი სისავსე იგულისხმეთ) ვიდეო მივიღე საჩუქრად.

ეს ერთი სოფლის ერთი სკოლის ერთი უბრალო ოთახია, რომელიც ასეთი დავტოვე ორი წლის წინ და ისევ ისე კაშკაშებს, ისევ ისე აკვირვებს მნახველს, ისევ ისე უჩნდებათ უწერის სკოლაში სწავლის სურვილი და ყველაფერი ეს სათქმელს მიგროვებს.

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ შეფასებაზე და ეს ვიდეო სიტყვით გამოუთქმელი სიკეთეა ჩვენს რეალობაში.
ქალბატონ სოფო გუგეშაშვილს, რომელიც ჩვენი უფროსი მეგობარი და მასწავლებელია, აუწონავი მადლობა ამგვარი შეფასებისთვის! ერთია, რომ დაინახო და მერე კიდევ, იფიქრო, შეაფასო, ამისთვის დრო გამონახო და სხვებს გაუზიარო.

ვიდეო დოკუმენტურ ფილმს ჰგავს და ჩემთვის თითოეულ კადრს, ფრაზას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

წმ. გიორგის ეკლესიიდან იწყება ყველაფერი.
გზას მოვყვებით და იქვე ჩანს ორი ხე, რომლის ძირში მე და ჩემი სამი მოსწავლე 2014 წლის შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, გაკვეთილების მერე მოვკალათდით და ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ ხმამაღლა ვუკითხეთ ერთმანეთს.
ხიდი. ჩრდილები ხიდზე. რიონის ტალღები. წინ სკოლაა. ამ ხიდზე გაკვეთილების შუალედში წიგნს ვკითხულობდი ხოლმე. აბიბინებული გზა, რომელიც ყველა სოფლის სკოლას მიუყვება, გულს მატკიებს.
არსებობენ დაუვიწყარი გზები, რომლებთანაც ვმეგობრობთ.

რამდენიმე დღის წინ უწერის სკოლის დირექტორს, ნაილი მასწავლებელს ვეუბნებოდი, დროსთან ერთად როგორ მიძლიერდება მისდამი მადლიერება. რომ არა მისი თანხმობა და თანადგომა, ეს ოთახი არ იარსებებდა.

აქ ყოფნისას გული სევდით მევსება.
სიმშვიდეს მანიჭებს ის განცდა, რომ ჩემგან გაშვებული მყავს ყველა საქმე, რაც განგებამ მაკეთებინა.

მთავარია, რასაც ბავშვები
ამბობენ და გრძნობენ.
მთავარია, ჩვენი მეგობრობის ამბავი ისევ გრძელდება, ჩემო ძვირფასო სოფო, საყვარელო ადამიანებო, სოფელო, ბავშვებო,“ - წერს ლელა კოტორაშვილი.

ვიდეო იხილეთ ამ ​ბმულზე

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ჩავაბაროთ დაწყებითი საფეხურის პედაგოგთა გამოცდა 10 კრედიტზე? - მასწავლებელთა გამოცდები 2020

როგორ ჩავაბაროთ დაწყებითი საფეხურის პედაგოგთა გამოცდა 10 კრედიტზე? - მასწავლებელთა გამოცდები 2020
მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩებათ. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
​ 
,,მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის დაწყებით კომბინირებულ ტრენინგის ბოლო ნაკადზე რეგისტრაცია გაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებენ ამ გამოცდას,'' - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში. 
ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავს შემდეგ მოდულებს: ქართული, მათემატიკა, ბუნება, ანალიტიკური წერა და ტექსტის გააზრება:
,,ტრენინგი მოიცავს 16 სესიას, თითოეული მათგანის ხანგრძლივობაა 3 საათი. სრული კურსი 48 აკადემიური საათისგან შედგება. კურსის დასაწყისში მასწავლებლებს მიეწოდებათ ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები,'' - აღნიშნავენ ცენტრში. 
ტრენინგებზე რეგისტრაცია 6 ივლისს დასრულდება (ადგილები შეზღუდულია), ტრენინგები კი 7 ივლისიდან დაიწყება და ჩატარდება კვირაში 5-ჯერ.

სრული კურსის ღირებულებაა 160 ლარი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმ​ულს

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.

წაიკითხეთ სრულად