Baby Bag

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც ცნობილია, განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვდა გამართა და რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი განათლების განვითარების ხედვა, სამომავლო გეგმები და ის ახალი ინიციატივები გააცნო, რაც სკოლებს კიდევ უფრო განავითარებს და მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციას გაზრდის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებს, სკოლის ახალი მოდელის კონცეფციას, სახელფასო ზრდის პოლიტიკას და სხვ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბევრი სიახლე ინერგება იმისათვის, რომ ამაღლდეს განათლების ხარისხი, სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება.
პირველ რიგში ეს არის ახალი სასწავლო გეგმა, განახლებული სასკოლო წიგნები და სხვა სასწავლო რესურსი, პილოტის რეჟიმში მიმდინარეობს სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც კომპლექსურია და ბევრ მიმართულებას მოიცავს - ახლებურ მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში, მეტი ანალიზის შემოტანას, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვას სკოლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ირინა აბულაძემ ისაუბრა არის მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდა.
2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.