Baby Bag

საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის გრიფირების კონკურსი გამოცხადდა

საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის გრიფირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადებს. 2018 წელს, კონკურსი VII, 2019 წელს საბაზოს VIII და IX კლასებზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე გამოცხადდება.

როგორც სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ სპეციალურ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, ახალი კონკურსის პირობები, პროცესის დასაწყისშივე ცხადი და მკაფიო იქნება ყველასთვის და ადგილი არ ექნება გზადაგზა განხორციელებულ არსებითი ხასიათის ცვლილებებს. გამომცემლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ კი, დამტკიცდება რეცენზირების წესი, ასევე, შეფასების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები.

წინა გრიფირებისგან განსხვავებით, შემფასებლების შერჩევის პროცესი სრულიად გამჭვირვალე იქნება და სახელმძღვანელოებს შეაფასებს არა დამატებითი კომისია, არამედ გამსწორებელთა მხოლოდ ერთი ჯგუფი.

სახელმძღვანელოები შეფასდება რამდენიმე მიმართულებით: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა, შინაარსობრივი გამართულობა, სტრუქტურული გამართულობა, ენობრივი გამართულობა, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა, მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

როგორც ცნობილია, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის საფუძველზე, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე, არამედ მის კრიტიკულ გააზრებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზეა გაკეთებული.

შესაბამისად, ამ კომპონენტებთან ერთად, გრიფირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების ავტორებისთვის მოთხოვნები მკაფიო იყოს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გრიფირების პროცედურაში შესული ცვლილებების მიხედვით, სახელმძღვანელოების წერისთვის გამომცემლებს უფრო მეტი დრო ექნებათ - მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი.

ასევე მეტი დრო დაიხარჯება თავად ავტორებზე. კერძოდ, მათთვის ინტენსიურად ჩატარდება საგნობრივი კონსულტაციები, კონკრეტული საგნის სტანდარტის გააზრებისა და შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებისთვის. ავტორებისთვის თემატურ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რადგან სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაოდენობრივად შემცირდა შინაარსობრივი კრიტერიუმები, რომელიც უფრო მოქნილი, მკაფიო და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებული გახდა. რაც შეეხება ხარისხისა და ფასის კორელაციას, სახელმძღვანელოების ხარისხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბოლოო ქულის გაანგარიშებაში დაგეგმილია შემცირდეს ფასის წონა, ხოლო შინაარსის ხარისხის წონა გაიზარდოს.

მინისტრის ბრძანება იხილეთ
ბმულზე.