Baby Bag

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თავისუფლება თვითნებობაში გვერევა ჩვენ, როგორც წესი... ბავშვს სჭირდება ჩარჩო,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ სწავლის პროცესში ბავშვისადმი ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა:

„ვიღაც იტყვის, რომ მე-19 საუკუნეში ჯოხი იყო სწავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი. მშვენივრად სწავლობდნენ ეს ბავშვები. კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმ გამღიზიანებლებსა და სტრესორების რაოდენობას, რომელსაც ჩვენი ტვინი განიცდის. XXI საუკუნეში მათი დათვლა არის შეუძლებელი. ჯოხი არაფერი არ არის ამათთან შედარებით, რა სტრესორებმაც შეიძლება ადამიანზე იმოქმედოს. ერთი მხრივ, ჩვენ არ ვმართავთ ჩვენი შვილების ქცევას ბავშვობაში. ვფიქრობთ, რომ ეს მისი თავისუფლების შეზღუდვაა. მეორე მხრივ, ჩვენ ვიჭრებით მის თავისუფალ სივრცეში, სადაც მან არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს.

ძალიან ხშირად მშობელი 6 წლის ბავშვს არ შეეკითხება და ისე შეიყვანს უცხოენოვან სკოლაში. მერე შეიძლება იყოს სერიოზული ტრაგედიები ამასთან დაკავშირებით. იმან მომავალი უკვე განუსაზღვრა შვილს. სწორიც არის, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალება სხვა ენაზე რაღაცები გააკეთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვუყურებთ ბავშვის შესაძლებლობებს, მის არჩევანს. მთავარი საზღვარი რა არის აქ? ვიღაც გეტყვის: ე.ი. ყველაფრის უფლება უნდა მივცე ბავშვს? საბოლოო ჯამში ასე ხდება. თავისუფლება თვითნებობაში გვერევა ჩვენ, როგორც წესი. თავისუფლება ნიშნავს თავისუფალ არჩევანს შეზღუდულ პირობებში. თუ ჩარჩო არ არსებობს, ვხედავთ რა ხდება საზოგადოებაში. ბავშვისთვის ჩარჩო არის ოჯახში დაწესებული წესები, ზნეობრივი კატეგორიები, რომელშიც ბავშვი იზრდება. ჩვენ ვცხოვრობთ უჩარჩოო ქვეყანაში. არც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, ამიტომ ერთმანეთის პერსონალურ სივრცეებში ვიჭრებით. არც დიდი ჩარჩო არ არსებობს. არჩევანის გაკეთება ხდება არა ზნეობრივი კატეგორიით, არამედ როგორც მაწყობს. ეს ბარბაროსულ საზოგადოებას ახასიათებს,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად