Baby Bag

„უპრეცედენტო მიღწევა - 17 მედალი ჩვენი არაჩვეულებრივი ბავშვების და მათი პედაგოგების დამსახურებაა”

„უპრეცედენტო მიღწევა - 17 მედალი ჩვენი არაჩვეულებრივი ბავშვების და მათი პედაგოგების დამსახურებაა”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა მიღწეული შედეგებისთვის და მომავალი წარმატებები უსურვა.

„ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საეთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ, წლევანდელი წელი ყველაზე გამორჩეულია - 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია. ვფიქრობ, ეს ჩვენი ნიჭიერი ბავშვების, ასევე მათი პედაგოგების დამსახურებაა.

ვამაყობთ, რომ საქართველოს ამდენი ნიჭიერი ბავშვი ჰყავს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა! ჩვენი მოსწავლეებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთვის დიღომში საგანმანათლებლო ქალაქი შენდება, სადაც სამეცნიერო ლაბორატორიების განვითარებას უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭება. თავისთავად, ეს მათ ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო მეტი მიღწევა ჰქონდეთ“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამარჯვებულ მოსწავლეებთან შეხვედრისას.

მიმდინარე წელს სამინისტრომ მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე ხუთ დისციპლინაში წარადგინა - მათემატიკა IMO 2019 (ბათი, გაერთიანებული სამეფო, ინფორმატიკა IOI 2019 (ბაქო, აზერბაიჯანი), ფიზიკა IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი), ქიმია, 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (პარიზი, საფრანგეთი) და ბიოლოგია IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი), საიდანაც მოსწავლეები 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 15 ბრინჯაოს მედლითა და ორი საპატიო სიგელით დაბრუნდნენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ ბირკაძის წარმატება, რომელმაც წელს ორ დისციპლინაში იასპარეზა და ოქროსა (ინფორმატიკა) და ვერცხლის (მათემატიკა) მედლების მფლობელი გახდა. გარდა ამ დიდი გამარჯვებისა, ნიკოლოზ ბირკაძე წელს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული, ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ჯამში - 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული. ორი ბრინჯაოს მედლის (ინფორმატიკა და მათემატიკა) მფლობელი გახდა წელს კიდევ ერთი კომაროველი - თეიმურაზ თოლორაია.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო ოლიმპიადებზე. წლევანდელი შედეგი კი - 17 მედალი, უპრეცედენტო რაოდენობაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
მოპოვებული ჯილდოების შესაბამისად, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ - ოქრო- 3000, ვერცხლი - 2000, ბრინჯაო - 1000 და საპატიო სიგელი - 700 ლარის ოდენობის ფულადი პრიზებით.
საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადება და შემდეგ, ოლიმპიადებში მონაწილეობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.
წაიკითხეთ სრულად