Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ვის ექნება განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა - ირინა აბულაძე მასწავლებელთა გამოცდებზე

ვის ექნება განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა - ირინა აბულაძე მასწავლებელთა გამოცდებზე
„განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ექნება ყველას,“ - ასე უპასუხა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გადაცემა „იმედის დღეში“ დასმულ კითხვას - თუ არ არის პრაქტიკოსი მასწავლებელი და ახლა გადის გამოცდაზე, ექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ შემოდგომაზე კვლავ გავიდეს გამოცდაზე?

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის ერთჯერადი, წელს მიღებული გადაწყვეტილება. 

ირინა აბულაძემ იმ საპენსიო ასაკის მასწავლებლებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც ჯილდოს მიღების სურვილი არ გამოთქვეს და გამოცდაზე გადიან.

„საპენსიო ასაკის მასწავლებლები, რომლებმაც ჯილდოს მიღების სურვილი არ გამოთქვეს და გადიან გამოცდაზე, თუ არ იქნებიან კმაყოფილი შედეგით, ან დააკმაყოფილებთ შედეგი, მაგრამ გადაიფიქრებენ და ენდომებათ ჯილდოს მიღება, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ 2019 წლის ბოლომდე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ორ ეტაპად - ზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება.

ამავე თამაზე:

​ის პედაგოგები, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტრირებულან, შეძლებენ თუ არა, შემოდგომის გამოცდაზე დარეგისტრირებას

წაიკითხეთ სრულად