Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო და კერძო სკოლის ისტორიის მოქმედი მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ტრენინგზე - სამუზეუმო მასალების გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლების ეფექტიანობისათვის.

ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებს, მუზეუმებში არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, სასწავლო ექსკურსიების დაგეგმვის პრინციპებს, სასწავლო პროექტებისა და სასწავლო რესურსების შექმნის გზებსა და საშუალებებს.

ტრენინგი მოიცავს: 10 საკონტაქტო და 0.5 არასაკონტაქტო საათს. (ტრენინგი ტარდება ორი დღე, დღეში 5 საათი). ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლებს მიენიჭებათ 0.5 კრედიტქულა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://tr.tpdc.ge/direction/1/6/88

ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაითიშება.

წაიკითხეთ სრულად