Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

დაისვენებთ თუ არა 9 აპრილს ონლაინ სწავლებისგან?

დაისვენებთ თუ არა 9 აპრილს ონლაინ სწავლებისგან?

„9 აპრილი ოფიციალური უქმე დღეა. ამიტომ როგორც არადისტანციური სწავლების დროს ისვენებდნენ სკოლები, ამ შემთხვევაშიც ისარგებლებენ დასვენების უფლებით,“ - ამის შესახებ ​Momsedu.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, საქართველოს სკოლებში ​კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი თითქმის ერთი თვეა დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება სკოლებში სწავლა ჩვეულებრივი ფორმით. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სამინისტრომ რამდენიმე სცენარზე იმუშავა:


„ჩვენ ვიმუშავეთ ყველა ტიპის სცენარზე. სამინისტრო მზადაა, თუ ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო წელი, თუნდაც მაისის პირველ რიცხვებში დავიწყეთ, საკლასო ოთახებში დაბრუნების შემთხვევაშიც შეგვიძლია, დავასრულოთ სასწავლო წელი გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე. თუ ეს ვერ მოხერხდება, ჩვენ გარკვეულ ალტერნატივებს შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და ამ სასწავლო წელს 15 ივნისს დავასრულებთ ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

წაიკითხეთ სრულად