Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„პლუს პირველ ასეთ პედაგოგს ნუკრი ქანთარიაც გადაეცეს საჩუქრად!“ - რა რეაქციები მოჰყვა ნუკრი ქანთარიას ინიციატივას პედაგოგებისთვის პირუტყვისა და კარ-მიდამოს გადაცემის შესახებ

„პლუს პირველ ასეთ პედაგოგს ნუკრი ქანთარიაც გადაეცეს საჩუქრად!“ - რა რეაქციები მოჰყვა ნუკრი ქანთარიას ინიციატივას პედაგოგებისთვის პირუტყვისა და კარ-მიდამოს გადაცემის შესახებ

დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ინიციატივამ, რომ სოფელში გადასულ მასწავლებელს პირუტყვი და კარ-მიდამო მიეცეს, მასწავლებელთა მხრიდან არაეთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 

„მასწავლებლებს სოფლად მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეთ. გვქონდა ასეთ ვარიანტზეც მსჯელობა, რომ თუ ჩავა აქედან ადამიანი, მათ მისცენ კარ-მიდამო, ნაკვეთი, პირუტყვი... ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, ეს გადავიდეს მის პირად საკუთრებაში. ეს იქნება გარკვეული სტიმული.  ასე რომ, მიმდინარეობს ფიქრი ამ ინიციატივაზე და არა მარტო, ფიქრი, ხორციელდება გარკვეული ქმედებები,“ - განაცხადა  დეპუტატმა.  

​გთავაზობთ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში მასწავლებელთა გამოხმაურებებს:

„რატომაც არ იქნება! ვისაც ქალაქში და არც არსად არა აქვს სახლი, იმათთვის იქნება.“

„ვინც მისიონერად არის წასული? გამსახურდიას დროს მისცეს მასწავლებლებს კერძო საკუთრება, სხვათა შორის ზოგი დამკვიდრდა და დღესაც იქ საქმიანობს რამდენიმე...“

„ადაპტაციის პერიოდს გაუმარტივებს ნამდვილად. იმდენია მიტოვებული კარ-მიდამო სოფლად!“

„10 წლის წინ სოფელში სამუშაოდ წასვლა ცუდ ჟესტად ჩამითვალეს. პატრონი რომ ჰყოლოდა, აქ რა უნდოდაო ასე თქვა დიდმა და პატარამ. იღბალი არ მაქვს.“

„ვისაც წასვლა უნდა მისთვის რატომ არ იქნება! ეს ხო არ ნიშნავს რომ ხელფასი არ ექნებათ და უხელფასოდ უნდა იმუშაონ. თუ ამ მხრივაც ექნებათ დახმარება ძალიან კარგი იქნება!“

„ხელფასიც და საცხოვრებელიც... კარგი აზრია, მაგრამ სკეპტიკური ვარ და ბოლომდე არ მჯერა... ახლა რომ უნივერსიტეტს ვამთავრებდე, შეიძლება მეც მეფიქრა, სახლი თუ მექნებოდა და ადამიანური ხელფასი..“

„პლუს პირველ ასეთ პედაგოგს ნუკრი ქანთარიაც გადაეცეს საჩუქრად!“

„მთის სოფლები კი არა და ბარის სოფლებიც ისე იცლება, რომ სკოლაში 17 ბავშვიღა შეგვრჩა... ჩემი შვილისთვის, რომელიც სოფელში გადავიყვანე სკოლისა და კლასის შესანარჩუნებლად, არც ტრანსპორტირება იყო ხელმისაწვდომი,( არ ეკუთვნისო იმ ბავშვებს ტრანსპორტირება, საიდანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადისო, არა და რაიონის ცენტრში კი მოჰყავს 2 სკოლის მანქანას მოსწავლეები ამავე სოფლიდან. შეგნებულად უწყობენ ხელს სოფლის დაცლას.“

„პირიქით მთიდან უნდა ჩამოიყვანოთ ბარში! არაკომფორტული და რთულია მთაში ცხოვრება, განვითარების საშუალებაც ნაკლებად აქვთ. ასე ძალიან თუ უნდა თვითონ იცხოვროს მთაში.“

„თქვენ რომ დაგირიგოთ ძროხები არა? ქუთაისშიც ვერ გაძელით იმხელა ხელფასზე და ჩვენ გვისტუმრებთ მთაში?“

„და განათლებულ კადრს რომ მოხსნიან და გაუნათლებლით ჩაანაცვლებენ ალბათ ეგაა პირუტყვი?!“

„კომბალი არაა?“

2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა

როგორ გავხადოთ სწავლის პროცესი ბავშვებისთვის მიმზიდველი

რატომ არ უყვართ ბავშვებს სწავლა და რა სირთულეების წინაშე დგანან პედაგოგები

ფილმი, რომელიც მასწავლებლის პროფესიას სულ სხვა თვალით დაგანახებთ

რას ჰპირდებოდა განათლების მინისტრი მასწავლებლებს 2019 წლისთვის

რას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელი“ - დეტალები

გაუქმდება თუ არა უფასო ფაკულტეტები - მიხეილ ბატიაშვილის პასუხი

გასულ წლებში სკოლის გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შეეძლებათ

განათლების სამინისტრო მორიგ კონკურსს აცხადებს

რა შედეგებს უნდა ველოდოთ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შემდეგ და რა სახის რეფორმები გატარდება გაზრდილი ბიუჯეტით?

მარტიდან სკოლებში „ახალი სკოლის მოდელი“ ამუშავდება

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება

მასწავლებელთა ვაკანსიები საჯარო და კერძო სკოლებში

წაიკითხეთ სრულად