Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევქმნათ მრავალფეროვანი ონლაინ ტესტი მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად - იხილეთ ვიდეოგაკვეთილები

როგორ შევქმნათ მრავალფეროვანი ონლაინ ტესტი მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად - იხილეთ ვიდეოგაკვეთილები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს ვიდეოგაკვეთილებს სთავაზობს, რომლებიც მათ ელექტრონული ტესტების შექმნაში, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებასა და ტესტირების გრაფიკულ ანალიზში დაეხმარებათ.

ვიდეოგაკვეთილების ნახვის შემდეგ მასწავლებლებს შეეძლებათ:

  1. ახალი ტესტის შექმნა სხვადასხვა ტიპის კითხვების ფორმების გამოყენებით
  2. პასუხებზე ქულების მინიჭება
  3. ტესტის დიზაინის გაფორმება
  4. ტესტის გადაგზავნა მოსწავლეებისთვის
  5. შედეგების ანალიზი
მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს და აუცილებელი არ არის მოსწავლე კონკრეტულ დროს კონკრეტულ საკლასო სივრცეში იმყოფებოდეს. 

აღნიშნულ რესურსს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - ვიდეოგაკვეთილები

წაიკითხეთ სრულად