Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლის განმარტება (პრაქტიკოს მასწავლებლებზე) პრემიერ-მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით

მასწავლებლის სახლის განმარტება (პრაქტიკოს მასწავლებლებზე) პრემიერ-მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით
მასწავლებლის სახლის განცხადება პრემიერ-მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით:

,,მასწავლებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ 2021 წლის 27 ივლისის საქართველოს მთავრობის #379 დადგენილებას „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ ​საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების მიხედვით, სისტემაში დარჩენილ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ, ვინც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით იყვნენ დარეგისტრირებულნი საგნობრივი და/ან პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე) მიეცათ 2021 წლის ზაფხულის გამოცდების შედეგებისა (რომლის შედეგიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნდება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე) და, უკვე მათთვის შეთავაზებული 5 კრედიტიანი ტრენინგების შედეგების გათვალისწინებით, 19 კრედიტქულის შევსებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.

გამოცდის შედეგების მიხედვით, მასწავლებლებს eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახებათ უკეთესი შედეგი, რაც ნიშნავს, რომ თუ მასწავლებელს ჩაბარებული ჰქონდა გამოცდა 1 კრედიტზე და გადაბარების შემთხვევაში მიიღებს 4 ან 7 ან 10 კრედიტს, მას eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი. თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის ეს შედეგი.

იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა, აცხადებს კონკურსს,'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

იხილეთ მინისტრის ბრძანება - პრემიერ-მინისტრის ბრძანება


წაიკითხეთ სრულად