Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,რეფორმა მასწავლებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს წინსვლისთვის...'' - ბერიკა შუკაკიძე

,,რეფორმა მასწავლებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს წინსვლისთვის...'' - ბერიკა შუკაკიძე

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გამოცდა გადაუვადდათ და საშუალება მიეცათ ​2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები.

რატომ მოხდა გამოცდების შემოდგომამდე გადავადება? - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.

,,გამოცდები ​შემოდგომაზე იმიტომ გადავადაა, რომ კიდევ მეტი დრო ჰქონდეთ გამოცდისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. მოგეხსენებათ, როგორი რთული და გაურკვეველი პერიოდი გაიარეს მასწავლებლებმა პანდემიის პირობებში. გადავავადეთ, რადგან რეფორმა მასწავლებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს წინსვლისთვის, არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო იმით, რომ მომზადება ვერ მოასწრო და ა. შ. აქედან გამომდინარე, ახლა მათ მეტი დრო ექნებათ იმისთვის, რომ უკეთესად შეძლონ კომპეტენციის დადასტურება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას ვერც შემოდგომაზე ჩააბარებენ, 2020-21 სასწავლო წელს მაინც არაფერი ემუქრებათ – სასწავლო წელს ჩვეულებრივ დაასრულებენ. შემდეგი სასწავლო წლიდან კი, სკოლა მათ ადგილზე ვაკანსიას გამოაცხადებს.

აქვე გეტყვით, რომ იმ მასწავლებლებზეც ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,'' - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ. 

წაიკითხეთ სრულად