Baby Bag

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.

შეხვედრაზე მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს. ამ მიზნის განხორციელება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრის დროს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში დირექტორთა და პედაგოგთა მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი კარგი შედეგის მიღწევა.

„ახალი სკოლის მოდელში“ საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 165 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტი 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. 

კერძოდ, 

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.“.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.“.

3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.“.

4. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).“.

5. მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. 2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად.“.

იხილეთ ბრძანება ​ბმულზე 
წაიკითხეთ სრულად