შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა. რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოეხსნა. ყადაღის მოხსნის თაობაზე საქალაქო სასამართლომ განჩინება დღეს, 22 ოქტომბერს გამოიტანა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტმა 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. შემოსავლების სამსახურმა წინა პროცესზე ითხოვა ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტა, გაიწვევდა თუ არა სასამართლოდან სარჩელს. სარჩელის უკან გატანისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა:
„მივიღეთ გადაწყვეტილება სარჩელის გამოხმობის შესახებ, თუმცა ეს არ გულისხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სარჩელზე უარის თქმას. შესაბამისად, დღეის მდომარეობით, გადამხდელის ბარათზე არსებული ზედმეტობის გათვალისწინებით, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა.