Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება
რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ავრცელებს.
 
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: 

პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

მნიშვნელოვანი სიახლე:

  • ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.
2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

წაიკითხეთ სრულად