მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:
„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო.
როდემდე გაგრძელდება დისტანციური სწავლება? - იხილეთ დოკუმენტი, რომელიც სკოლებს გადაეგზავნათ
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ახალი ბრძანებით, რომელსაც მან ხელი 30 სექტემბერს მოაწერა, ოთხ დიდ ქალაქში VII-XII კლასელებისთვის 29 დეკემბრამდე სწავლა სრულად დისტანციურად გაგრძელდება.
აღნიშნულის შესაბამისი ბრძანება სკოლების დირექტორებს გაეგზავნათ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 1-ლი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ჰიბრიდული მოდელი უნდა გამოიყენონ — I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით.
ბრძანების ზემოთ მოყვანილი ვადები არ ეხება თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის ზოგიერთ სკოლას. მათ დისტანციური სწავლება მხოლოდ გარკვეულ ვადებში უნდა განახორციელონ. კერძოდ:
ქალაქ თბილისის N69, N143, N154, N174, N2, N76, N145, N157, N168, N172, N179, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N163 და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლები — დისტანციურ სწავლება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე იქნება, ხოლო ქალაქ თბილისის N26 საჯარო სკოლაში — 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 7 ოქტომბრამდე.
ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრამდე, ხოლო ზუგდიდის N3 საჯარო სკოლაში, სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლაში, სოფელ რუხის საჯარო სკოლაში, სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლაში — 2020 წლის 4 ოქტომბრამდე.
რაც შეეხება აჭარას, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე დისტანციურად უნდა წარიმართოს.
ბრძანებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ბრძანებაში, როგორც სამართლებრივ დოკუმენტში, ვადა პირობითადაა მითითებული და როგორც კი ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცვლილება დოკუმენტშიც შევა.
,,ეს არ ნიშნავს, რომ სწავლა გადადებულია. სამართლებრივად რაღაც ვადა უნდა ყოფილიყო მითითებული. როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შეიცვლება ვადაც", — აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.