Baby Bag

„სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა...“ - ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე

„სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა...“ - ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი განათლება და მეცნიერებაა, ამიტომაც განათლების კომპლექსური რეფორმა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა კულტურისა და სპორტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო იცნობს მეცნიერებით, კულტურითა და სპორტით. სპორტი პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდობის საკითხებთან. მასობრივი სპორტი უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენთვის პრიორიტეტია. რაც შეეხება კულტურას - საქართველოსთვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დარგია და, შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო არსებობდეს ცალკე. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები.“

თანამშრომლებთან შეხვედრის დროს, მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა პროფესიონალ გუნდთან მუშაობა და სურვილი გამოთქვა, რომ სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„პაციენტმა, რომელსაც აქვს ომიკრონის სიმპტომატიკა და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი, პირდაპირ უნდა გაიკეთოს პისიარ კვლევა,“- გიორგი კავკასიძე

„პაციენტმა, რომელსაც აქვს ომიკრონის სიმპტომატიკა და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი, პირდაპირ უნდა გაიკეთოს პისიარ კვლევა,“- გიორგი კავკასიძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კავკასიძემ ომიკრონის შტამით ინფიცირების დიაგნოსტირების სირთულეებზე ისაუბრა:

„ზუსტად იმის გამო, რომ ომიკრონის მოლეკულაში არის ძალიან ბევრი მუტაცია, ამან გაართულა სწრაფი ტესტით დიაგნოსტიკა. შევეცდები იოლად აგიხსნათ, რაშია საქმე. სწრაფი ტესტი ანტიგენის დასადგენი ტესტია. ამ ვირუსს აქვს რამოდენიმე უბანი, სადაც სხვადასხვა გენებია განლაგებული. ანტიგენის სწრაფი ტესტები შემუშავებულია N გენის წინააღმდეგ. N გენში მომხდარი მუტაციების გამო სწრაფი ტესტები ხშირად ცდება და ვერ პოულობს ომიკრონის N გენს.“

„ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ პაციენტმა, რომელსაც აქვს ომიკრონის სიმპტომატიკა და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი,  პირდაპირ გაიკეთოს პისიარ კვლევა. პისიარ კვლევა ორ ან სამ გენს ადგენს და გაცილებით უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი კავკასიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად