Baby Bag

„სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა...“ - ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე

„სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა...“ - ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი განათლება და მეცნიერებაა, ამიტომაც განათლების კომპლექსური რეფორმა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა კულტურისა და სპორტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო იცნობს მეცნიერებით, კულტურითა და სპორტით. სპორტი პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდობის საკითხებთან. მასობრივი სპორტი უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენთვის პრიორიტეტია. რაც შეეხება კულტურას - საქართველოსთვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დარგია და, შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო არსებობდეს ცალკე. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები.“

თანამშრომლებთან შეხვედრის დროს, მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა პროფესიონალ გუნდთან მუშაობა და სურვილი გამოთქვა, რომ სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - რა შემთხვევაში იხსნება აპლიკანტი გაფრთხილების გარეშე და როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - რა შემთხვევაში იხსნება აპლიკანტი გაფრთხილების გარეშე და როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი 2 ნოემბერს პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყება.

აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ:

რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება. გამონაკლისს წარმოადგენს უცხოური ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდა, რომელიც 7-8 ნოემბერს ჩატარდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მონაწილეები ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და ცენტრებში გამოცხადდნენ შესაბამის დროსა და ადგილას. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული თითოეული ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. დაგვიანებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

აპლიკანტებმა ტესტირებაზე თან უნდა იქონიონ:

საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სურვილის შემთხვევაში კი წყალი პლასტმასის ბოთლითა და პირადი ჰიგიენის ნივთები. ცენტრი წელსაც უზრუნველყოფს მათ საწერი კალმებით, თუმცა სურვილის შემთხვევაში აპლიკანტებს შეუძლიათ გამოცდაზე საკუთარი გელიანი (ე. წ. ტუშის) 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერის მქონე შავი ფერის კალმის შეტანა.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა:

რეგისტრაციის გავლამდე აპლიკანტი აბარებს ზედმეტ ნივთებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში. აპლიკანტებს ურიგდებათ პასუხების ფურცელი, კალამი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის. ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე იკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი. თავად მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ პასუხების ფურცელი არ იყოს დაზიანებული. აგრეთვე დაუშვებელია მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის დავალებებს).

ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა - მთელი საგამოცდო პროცესი იწერება.

საგამოცდო წესების თანახმად, დაუშვებელია:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტების ერთმანეთთან საუბარი/გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში იგი მოიხსნება გამოცდიდან).

აპლიკანტები გაფრთხილების გარეშე იხსნებიან გამოცდიდან ლექსიკონის, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს); წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, ასევე, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს მათ მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 8 ნოემბერს დასრულდება.

წაიკითხეთ სრულად