Baby Bag

„სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა...“ - ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე

„სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა...“ - ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი განათლება და მეცნიერებაა, ამიტომაც განათლების კომპლექსური რეფორმა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა კულტურისა და სპორტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო იცნობს მეცნიერებით, კულტურითა და სპორტით. სპორტი პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდობის საკითხებთან. მასობრივი სპორტი უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენთვის პრიორიტეტია. რაც შეეხება კულტურას - საქართველოსთვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დარგია და, შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო არსებობდეს ცალკე. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები.“

თანამშრომლებთან შეხვედრის დროს, მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა პროფესიონალ გუნდთან მუშაობა და სურვილი გამოთქვა, რომ სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„საგაკვეთილო პროცესში, გამოცდებისათვის მოსამზადებელ დამატებით მეცადინეობებზე, სისტემატურად ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს“

„საგაკვეთილო პროცესში, გამოცდებისათვის მოსამზადებელ დამატებით მეცადინეობებზე, სისტემატურად ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს“

ზინა კალმახელიძე პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. ხანგრძლივი პედაგოგიური მუშაობის მანძილზე, მან პროფესიული განვითარების პარალელურად, შეძლო მიღებული გამოცდილება გაეაზრებინა და ისე მოერგო თავისი სკოლის საჭიროებებს.

ზინა, უკვე 18 წელიწადია, რაც გეოგრაფიის მასწავლებელია საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაციის მიღებისთანავე, მან მუშაობა დაიწყო ყაზბეგის საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. ამავე საგანს ასწავლიდა სხვადასხვა ქალაქის და რაიონის სკოლებშიც, აქვს დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც.

„საგაკვეთილო პროცესში, გამოცდებისათვის მოსამზადებელ დამატებით მეცადინეობებზე, სისტემატურად ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ვფიქრობ, რომ მეტწილად განაპირობებს ჩემი მოსწავლეების მაღალ შედეგებს გამოსაშვებ და მისაღებ გამოცდებზე.“ - ამბობს ზინა კალმახელიძე.

მისთვის მრავალი გზა არსებობს მოსწავლეების მიღწევების გასაზრდელად. გეოგრაფიის მიმართულებით, მისი მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ სასწავლო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში, რისთვისაც ზინა კალმახელიძეს მიღებული აქვს მრავალი სიგელი და მადლობა.
ზინა კალმახელიძე დაჯილდოებულია „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშნით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სხვადასხვა წლებში ორჯერ აქვს მინიჭებული „წარმატებული მასწავლებლის“ წოდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის გადაწყვეტილებით ზინა კალმახელიძეს მიენიჭა „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება.

წაიკითხეთ სრულად