Baby Bag

„ბავშვების სკოლაში ყოფნისას მანდატური მშობლის როლს ასრულებს“ - მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი დააჯილდოვა

„ბავშვების სკოლაში ყოფნისას მანდატური მშობლის როლს ასრულებს“ - მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა, რომ სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. მინისტრმა გაწეული ძალისხმევისთვის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა:

„მანდატურის სამსახური ჩვენი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ, რადგან შეუძლებელია საუბარი განათლების ხარისხის განვითარებაზე, ახალ აკადემიურ პროგრამებზე, ინიციატივებზე და, ზოგადად, ახალი სკოლის მოდელზე, თუკი სკოლებში ბავშვებისთვის არ იქნება შექმნილი უსაფრთხო გარემო. ეს არის უმთავრესი და აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენი ჩანაფიქრი, აკადემიური განვითარების მიმართულებით, რეალურად განხორციელდეს სკოლებში.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მანდატურის სამსახურის ასეთი დიდი პროგრესისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევებიც საკმაოდ ბევრია, დარწმუნებული ვარ, თქვენი პროფესიონალიზმისა და, რაც მთავარია, დამოკიდებულების მეშვეობით სკოლებში არსებული გამოწვევები და პრობლემები აუცილებლად გადაიჭრება.

ყველაზე მთავარი აღნიშნულ პროფესიაში არის ბავშვების მიმართ დამოკიდებულება, მოსწავლეების სიყვარული და მათთვის მზრუნველი ატმოსფეროს შექმნა, რადგან ამის გარეშე ისეთი პრობლემების საფუძვლიანი მოგვარება, როგორიცაა ბულინგის პრევენცია და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, შეუძლებელია.

ბავშვების სკოლაში ყოფნისას თქვენ ასრულებთ მშობლის როლს, რადგან თქვენ ყველაზე მთავარს - ბავშვის უსაფრთხოებას იცავთ.“ - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, მომავალი წლიდან მანდატურის სამსახური, ევროპელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვას დაიწყებს. სრული დატვირთვით ამოქმედდება ახალი ინტერნეტ-პორტალი befriend.mes.gov.ge, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გაგრძელდება როგორც მოქმედი მანდატურების გადამზადება, ასევე გაფართოების პროცესი. 2020 წელს მანდატურის სამსახური, დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევა.

შეიძლება დაინტერესდეთ

გარე დაკვირვების შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

გარე დაკვირვების შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. ​შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

იხილეთ ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად