Baby Bag

ბავშვების წამოსაყვანად მისული მშობლები ყოველ დაგვიანებულ წუთზე დაჯარიმდებიან - სკოლის მკაცრი გადაწყვეტილება

ბავშვების წამოსაყვანად მისული მშობლები ყოველ დაგვიანებულ წუთზე დაჯარიმდებიან - სკოლის მკაცრი გადაწყვეტილება

დიდ ბრიტანეთში კენტის საგრაფოს ქალაქ გრეივსენდში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში დაგვიანებულ მშობლებს ფულადი ჯარიმით დასჯიან. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი საღამოს 4 საათზე ჯერ კიდევ სკოლაში იქნება, ადმინისტრაცია სოციალურ სამსახურს გამოიძახებს. მშობლებთან დაკავშირება თუ ვერ მოხერხდება, მასწავლებლები ბავშვს ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცემს, რათა ის უყურადღებოდ არ დარჩეს. სკოლის ახალი გადაწყვეტილება დაგვიანებული მშობლების მიმართ განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენს. სასჯელი იმ მშობლებზეც მოქმედებს, რომლებიც სკოლაში მისვლას 10 წუთით დააგვიანებენ. მშობლების უდიდესი ნაწილი სკოლის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და თვლიან, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება მათ მიმართ სათანადო პატივისცემას არ იჩენს.


ერთ-ერთმა მშობელმა ანონიმურად განაცხადა, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო. გრეივსენდი საკმაოდ ღარიბი მხარეა, რის გამოც ზრდასრულ ადამიანებს ოჯახის შენახვა თავდაუზოგავი შრომის ფასად უჯდებათ. საქმიან მშობლებს სკოლაში ბავშვის წამოსაყვანად მისვლა ხშირად აგვიანდებათ. როგორც წესი, მოსწავლეები სკოლის დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკაში იკრიბებოდნენ და დაგვიანებულ მშობლებს ელოდებოდნენ. სკოლის ბიბლიოთეკა სარემონტო სამუშაოების გამო დროებით დაიხურა. რამდენიმე წლის მანძილზე ბავშვებს გაკვეთილების შემდეგ სკოლის კლუბში შეკრების საშუალებაც ჰქონდათ, თუმცა აღნიშნული კლუბიც დაიხურა. მშობლები გაოგნებულები არიან, რომ დაგვიანების შემთხვევაში სკოლა სოციალური სამსახურის გამოძახებით იმუქრება.

მშობლების უდიდესი ნაწილი აღშფოთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლისადმი ლოიალური დამოკიდებულებითაც. მათი თქმით, მთავრობამ მსგავს გადაწყვეტილებებს მხარი არ უნდა დაუჭიროს და სკოლის გადაწყვეტილება არალეგალურად ცნოს.

„სკოლა, რომელშიც ჩვენი ბავშვები დადიან ქრისტიანული სასწავლებელია. სამარცხვინოა, რომ სკოლის ადმინისტრაცია საზოგადოებრივ ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად საბრალო მშობლების ხარჯზე გამდიდრებას ცდილობს.“ - აღნიშნა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა.

სკოლის განცხადებით, მშობლების დაჯარიმება სკოლაში გვიანობამდე დარჩენილი მასწავლებლებისთვის დამატებითი ანაზღაურების მისაცემად დასჭირდათ. პედაგოგები მოსწავლეებზე გაკვეთილების შემდეგაც ზრუნავენ, რაც მათ მოვალეობაში არ შედის.

სკოლის დირექტორის თქმით, დაგვიანებული მშობლების დაჯარიმების გადაწყვეტილება ბავშვების სასარგებლოდ მიიღეს. სკოლა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეები სახლში წასვლას დროულად შეძლებენ. დირექტორის განცხადებით, სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასარგებლოა როგორც თითოეული მოსწავლის, ასევე მთლიანად საგანმანათლებლო დაწესებულებისთვისაც.

„სკოლა 4-ის ნახევარზე მთავრდება, თუმცა მშობლების დიდი ნაწილი ყოველდღიურად აგვიანებს. როგორც წესი, ბავშვებს სკოლაში დარჩენა 4 საათამდე უხდებათ. ამ შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია ანაზღაურება გაუზარდოს იმ მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეებთან რჩებიან და მათზე ზრუნავენ. თუ აღნიშნულ თანხებს სკოლის ბიუჯეტიდან გადავიხდით, სასწავლო დაწესებულება მნიშვნელოვნად დაზარალდება, რაც სწავლების ხარისხზეც აისახება“ - აღნიშნა გრეივსენდის სკოლის დირექტორმა.


სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვები, რომლებიც სკოლიდან დაგვიანებით მიჰყავთ, ძალიან ღელავენ. მათ არ იციათ, სად არიან ამ დროს მათი მშობლები. ბავშვებს შიში იპყრობთ და ფიქრობენ, რომ მშობლებს რამე შეემთხვათ. არავის აქვს სურვილი, რომ პატარები ასეთ მდგომარეობაში ნახოს. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ სკოლა მზად არის მშობლებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს. 

მომზადებულია thesun.co.uk
თარგმნა ია ნაროუშვილმა