Baby Bag

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში ცვლილებაა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში ცვლილებაა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში ცვლილებაა. შესაბამისი ​ბრძანება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“ მე-2 მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„საჯარო სკოლის ვალდებულება, პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10%-ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განსაზღვრის თაობაზე, არ ვრცელდება იმ საჯარო სკოლებზე, რომლებიც გათვალისწინებულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების №4 და №6 დანართებით,“ - წერია ბრძანებაში.

Moms.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს დირექტორს მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან - 8 წესი

როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს დირექტორს მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან - 8 წესი

სკოლის დირექტორის ​ეთიკის კოდექსი დირექტორს ავალდებულებს მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაიცვას შემდეგი წესები:

მუხლი 4. მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა

1. სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.

2. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, ითვალისწინებს მათ აზრებს სკოლის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

3. სკოლის დირექტორი ითავსებს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდის თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს.

4. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში.

5. სკოლის დირექტორი უქმნის ყველა პირობას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის.

6. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს მასწავლებლების დროულად ინფორმირებას ზოგადი განათლების სფეროში სიახლეების, დამხმარე პროფესიული ლიტერატურისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ.

7. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებლებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.

8. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან, ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რეაგირებს მასზე.

სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

წაიკითხეთ სრულად