Baby Bag

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტი Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს Fulbright-ის პროგრამის გაფართოებაზე.

„ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით Fulbright-ის ფარგლებში განხორციელდება,“ - წერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასტერკლასი მუსიკის მასწავლებლებისთვის

მასტერკლასი მუსიკის მასწავლებლებისთვის

2020 წლის აპრილსა და მაისში უკვე მეექვსედ ჩატარდება საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი. მხარდამჭერ ორგანიზაციათა ჩამონათვალში ტრადიციულადაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან, ფონდ „ქართულ გალობასთან“, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირთან და და სხვა ორგანიზაციებთან ერთად.

კონკურსთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში 24 თებერვალს, 14:00 გაიმართება შეხვედრა მუსიკის მასწავლებლებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, დირიჟორი ლიანა ჭონიშვილი, საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი, დირიჟორი და მუსიკოლოგი შიო აბრახამია. ამავე დღეს სენაკის სამუსიკო სკოლის უფროსკლასელთა გუნდთან გაიმართება მასტერკლასი, რომელსაც ჩაატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, დირიჟორი ლიანა ჭონიშვილი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020-02-21

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://tr.tpdc.ge/direction/32/33/191

წაიკითხეთ სრულად