Baby Bag

საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა

საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა.​ 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც მოეთხოვება საჯარო სკოლის ხელმძღვანელ პირს.

სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

„ა) დირექტორის მიერ თავისი საქმიანობისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვის მიზნით – დირექტორს საშუალება ეძლევა თვითშეფასების საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შეაფასოს თავისი კომპეტენციები, განსაზღვროს რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები და უზრუნველყოს პროფესიული განვითარება;

ბ) დირექტორის შერჩევის მიზნით – სტანდარტთან მიმართებით კადრების შერჩევა და მათი კომპეტენციების შეფასება სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გამჭვირვალედ და ობიექტურად დაგეგმოს და განახორციელოს დირექტორის სერტიფიცირება;

გ) დირექტორის შეფასების მიზნით – დირექტორის საქმიანობის შეფასება შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მის პრაქტიკულ მიღწევებს ენიჭება, თუ როგორი გარემოა სკოლაში, როგორია სკოლის მოვლა-პატრონობის პრაქტიკა, როგორია სასკოლო კულტურა. ამოსავალი კი არის სწავლა-სწავლების გამართული პროცესი, რომელშიც თითოეული მოსწავლისთვის შექმნილია მისი სწავლისა და განვითარებისთვის პოზიტიური გარემო;

დ) დირექტორის მომზადების მიზნით – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტანდარტების საფუძველზე ამზადებენ სკოლების მომავალ ხელმძღვანელებს. სტანდარტი თავის მხრივ უნივერსიტეტებისთვის არის ორიენტირი ამ სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამების მოსამზადებლად და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გასავლელად“.

ბრძანების თანახმად, სტანდარტის სტრუქტურა წარმოდგენილია ოთხი ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ურთიერთდამოკიდებული და თანაბრად მნიშვნელოვანია:

ა) საგანმანათლებლო ლიდერობა;

ბ) სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება;

გ) თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება;

დ) თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი სრულად იხილეთ ბმულზე - სკოლის დირექტორის ​სტანდარტი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ​სერტიფიცირების პროცესს იწყებს. სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

​2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

​2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის 20 ივლისიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა იწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.

მისამართები იხილეთ ბმულზე:
​იუსტიციის სახლები
​საზოგადოებრივი ცენტრები

წაიკითხეთ სრულად