Baby Bag

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია ​გამართა.

პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას სტუდენტები ესწრებოდნენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, აბიტურიენტები სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან:
„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. დღეს მათთან განსაკუთრებული სიახლით მოვედი, რომელიც მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება. მოგეხსენებათ, მათ სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისათვის, არამედ ოსებისა და აფხაზებისათვისაც, ვინაიდან კურსები სხვადასხვა ენაზე წარიმართება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია.

შეიძლება დაინტერესდეთ

გრანტის გამოთვლის პრინციპი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

გრანტის გამოთვლის პრინციპი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლისთვის ყველა საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა (ზოგადი უნარების გამოცდას - 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანს - 1). 

„თითოეულ გამოცდაში მოპოვებული სკალ ირებული ქულა მრავლდება საგრანტო საგნის წონაზე და მიღებული ქულები ჯამდება.  მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში - 165,7, უცხოურ ენაში - 164,8 და მათემატიკაში - 164,0 ქულა, მისი აბსოლიტურ ( საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 165,7X1,5 + 164,8 + 164,0= 746,45. მიღებული ჯამი მრავლდება 10–ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 746,45X10= 7464,5. 

სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპით: სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისათვის (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება) შედგება საგრანტო (აბსოლუტურ) ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისათვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება. მაგალითად: სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა ის აბიტურიენტი, რომლებმაც ჩააბარეს მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს ქიმია, ლიტერატურა და ა. შ.

  • თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, ის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სავალდებულო საგნების გამოცდებისა და იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულების საფუძველზე, რომლითაც ის მიიღებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე. 

  • თუ აბიტურიენტი ჩააბარებს საგანმანათლებლო პროგრამაზე მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევითი საგნის გამოცდას და გადალახავს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს იმ არჩევითი საგნის გამოცდაში მოპოვებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით მოხდება ჩარიცხვა ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაიკითხეთ სრულად