Baby Bag

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია ​გამართა.

პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას სტუდენტები ესწრებოდნენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, აბიტურიენტები სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან:
„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. დღეს მათთან განსაკუთრებული სიახლით მოვედი, რომელიც მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება. მოგეხსენებათ, მათ სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისათვის, არამედ ოსებისა და აფხაზებისათვისაც, ვინაიდან კურსები სხვადასხვა ენაზე წარიმართება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით და მინდა მათ შესახებ მოგახსენოთ''

„დღეს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით და მინდა მათ შესახებ მოგახსენოთ''

 „დღეს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით და მინდა მათ შესახებ მოგახსენოთ''  - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. 

,,პირველ რიგში, გავიმეორებ, რაც წინა კვირას განვაცხადეთ, ძალაში რჩება. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას.

ასევე მინდა გავიმეორო ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც განათლების სამინისტრო სთავაზობს I-VI კლასის მოსწავლეებს. თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, ეს პროცესი იქნება სრულად უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება სიახლეებს, მინდა გითხრათ, რომ 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.

19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არადისტანციურად განაახლებენ თავიან ფუნქციონირებას.

აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები. ჩვენ მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა.

მინდა გითხრათ, რომ დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას, გამოცხადებული თარიღები შერჩეულია ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით.

რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს, მათ შესახებ ახლო მომავალში დამატებით გავაკეთებთ განცხადებას,“ - დასძინა განათლების მინისტრმა. 

წაიკითხეთ სრულად