Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე - 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით მიმართავენ იმ საჯარო სკოლას, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;
​ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
​გ) სწავლის უნარის დარღევა;
​დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
​ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
​ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
​ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
​თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
​ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მეოთხე ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


​სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვენერა (დოდო) ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობას 1942 წლიდან შეუდგა. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში ის ბიოლოგიას 1946 წლიდან 2011 წლამდე ასწავლიდა. ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

წაიკითხეთ სრულად