Baby Bag

მიუხედავად იმისა, რომ 2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების აღდგენა მოუწევთ

მიუხედავად იმისა, რომ 2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების აღდგენა მოუწევთ
კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ნაადრევად დაიწყო. არდადაგების თარიღის შეცვლის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ​ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.
„საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2 მარტიდან 16 მარტამდე,“ - წერია ბრძანებაში.
დოკუმენტში არ არის აღნიშნული, რომ სკოლებს 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდის ანაზღაურება მოუწევთ (2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული). თუმცა, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში Momsedu.ge-ს განუმარტეს, სკოლებმა დაუგეგმავი არდადეგები უნდა აღადგინონ:
„სკოლებს ადრე დაწყებული არდადეგების გამო გაცდენილი საათების ანაზღაურება მოუწევთ, საუბარია 4 დღეზე (3 მარტი ისედაც ოფიციალური დასვენებაა). სკოლები თავად გადაწყვეტენ, რომელ პერიოდში აღადგენენ ამ დღეებს - შაბათობით, თუ სასწავლო პროცესის დასრულების (15 ივნისის) შემდეგ,“ - აღნიშნეს სამინისტროში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვინ დაგვიცავს ჩვენ, იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ და დასაქმებულ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს“ - ქართველი ემიგრანტის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

„ვინ დაგვიცავს ჩვენ, იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ და დასაქმებულ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს“ - ქართველი ემიგრანტის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

ემიგრაციაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს:

ბატონო გიორგი, ამ წერილს იტალიაში, ტოსკანაში, პიზასთან ახლოს, ერთ პატარა სოფელ ფორკოლში ჩელაიების ოჯახის ბადანტე (მომვლელი), პროფესიით ჟურნალისტი ლელა თოლორდავა გწერთ.

წერილის დაწერამდე კაი ბევრი გზა გავიარე, ცხოვრებაში განვლილ გზას კი არ ვგულისხმობ. სახლში დავდივარ, ბოლთას ვცემ!!!

მაგიდის გარშემო სიარული არ შეიძლება, ვიღაც გახდებაო ავადო- ჩვენში იციან თქმა. აქ ორნი ვართ, მე და ბებია ფრანჩესკა. მისი ქალიშვილი ძალიან შიშობს ავადმყოფ დედას კორონა ვირუსი არ შეხვდეს, თორემ ვერ გადაიტანს.

ამიტომ, იმ დღიდან რაც იტალიის საზღვარი გადმოკვეთა ,,ჩინურმა ჭირმა" ირიბად მაფრთხილებს, რომ სახლიდან გასვლას ყველა უნდა მოვერიდოთ.

დღემდე სიტყვას ბანზე ვუგდებდი. იმ ორ საათს (2- დან 4-მდე), როცა ბებოს სძინავს და ჩემი დასვენების დროდ არის გამოყოფილი, სოფელში ვსეირნობდი, ან ჩემიანებთან ერთად ბარში ყავას გეახლებოდით და ერთმანეთს უფერულ დღეებს ვულამაზებდით.

მაგრამ, დღეს დილით მითხრა , რომ საფრთხე ძალიან ახლოსაა, სულ რაღაც 10 კილომეტრში დაფიქსირდა კორონა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა.

გუშინ, საღამოს ტელევიზიით იტალიის პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 მარტამდე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა, ერთი თვით შეაჩერეს ყველა სახის ღონისძიებები. მოუწოდებენ მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხანდაზმულებს სთხოვენ სახლში დარჩენას.

უმჯობესია, ყველანი დავრჩეთ სახლში, ასე მეტად დაცული ვიქნებითო- გამომიცხადა ბებოს ქალიშვილმა.

ბატონო გიორგი, იცით რა ნერვების ფასად მიჯდება 24 საათიანი სამუშაო?! მით უფრო, მთელი ცხოვრება ისეთი სამსახურები მქონდა, უმეტეს წილად ქუჩაში ყოფნა მიწევდა. ახლა სახლში რომ ვუზივარ ბებოს, პატიმარი მგონია თავი. იმის გათავისება , რომ მხოლოდ 2 საათი შემიძლია სახლიდან გასვლა, დღემდე მიჭირდა. ახლა, ის ორი საათიც სანატრელი მიხდება.

გავჯინიანდე და გავიდე, ვაი თუ ხიფათი შემომეყაროს გზაზე და ჩემი დაუდევრობით სიცოცხლე მოვუსწრაფო ჩემს მოხუცს. სტატისტიკით დამტკიცებულია, რომ 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს, ვისაც ესა თუ ის დაავადება აწუხებს, კორონა ვირუსის მსხვერპლნი ხდებიან.

სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავემორჩილო და უარი ვთქვა სახლიდან გასვლაზე, იმ დრომდე, ვიდრე ეს საშინელი ვირისი ცოცხალია.

თითქოს ის განსაცდელი არ გვეყოფოდა, რაც გვადგა, სამშობლოდან, ოჯახებიდან შორს ყოფნა, შვილების მონატრებაში თეთრად გათენებული ღამეები. ახლა კორონა ვირუსიც დაემატა.

ხმას არ ამოვიღებდი, მარტო მე რომ ვიდგე ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ ჩემს დღეშია ათიათასობით საქართველოს მოქალაქე.

არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რა მდგომარეობამ მოგვიყვანა აქამდე. ახლა სხვა საკითხის განმარტებას მივითხოვ თქვენგან.

დიახ, მოვითხოვ, რადგან თქვენ ხართ იმ მთავრობის მეთაური, ვისაც საქართველოს მართვის სადავეები უპყრია ხელთ.

შორიდან, როგორც ვახერხებ, თვალს ვადევნებ საქართველიში მიმდინარე პროცესებს, კონკრეტულ შემთხვევაში, კორონა ვირუსის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

ჩემი დაკვირვებით, ქართული საზოგადოება კორონა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, იტალიას ერთადერთ საფრთხედ მიიჩნევს. რამეთუ, აქ ბევრი ქართველი ემიგრანტია, ასევე იაფი ფრენების დამსახურებით, მაღალია ტურისტების რიცხვი.

და სამართლიანადაც , მით უფრო სტატისტიკაც საგანგაშოა.

4 მარტის მონაცემებით იტალიაში

ინფიცირებულია - 2706 ადამიანი!!!

აქედან:

1065 - ადამიანი იმყოფება მსუბუქი სიმპტომებით და მკურნალობას აგრძელებენ სახლში, საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ საავადმყოფოს;

1346 - ადამიანი მკურნალობას აგრძელებს საავადმყოფოში;

295 - ადამიანი იმყოფება ინტენსიურ განყოფილებაში;

276 - გამოჯანმრთელებულია;

107 - გარდაცვლილი...

მონაცემები წუთი-წუთზე იზრდება და, შესაბამისად, პანიკაც.

იტალიის ხელისუფლება სრულ მზადყოფნას აცხადებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებაც მზადაა დაიცვას მოსახლეობა.

მაგრამ ვინ დაგვიცავს ჩვენ, იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ და დასაქმებულ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს?!

მით უფრო, როცა იტალიის ხელისუფლებამ ჩვენი არსებობაც კი არ იცის, ოფიციალურად.

საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენ სავიზო რეჟიმის დამრღვევ მოქალაქეებად მოვიაზრებით და შინ დაბრუნების შემთხვევაში, ჯარიმითაც გვემუქრება.

ბატონო გიორგი, კორონა ვირუსმა ჩვენამდე რომ მოაღწიოს, ვის უნდა მივმართოთ?!

გთხოვთ, განგვიმარტოთ, იღებს ვინმე ჩვენზე პასუხისმგებლობას, თუ მარტო ღმერთის იმედზე ვიყოთ?!

P.S. მეგობრებო, ჩვენ ბევრნი ვართ და ერთად უნდა მოვითხოვოთ, ამ კითხვაზე პასუხი!!!

ეს წერილი პრემიერამდე უნდა მივიდეს!!!“ - წერს ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად