Baby Bag

მიუხედავად იმისა, რომ 2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების აღდგენა მოუწევთ

მიუხედავად იმისა, რომ 2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების აღდგენა მოუწევთ
კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ნაადრევად დაიწყო. არდადაგების თარიღის შეცვლის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ​ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.
„საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2 მარტიდან 16 მარტამდე,“ - წერია ბრძანებაში.
დოკუმენტში არ არის აღნიშნული, რომ სკოლებს 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდის ანაზღაურება მოუწევთ (2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული). თუმცა, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში Momsedu.ge-ს განუმარტეს, სკოლებმა დაუგეგმავი არდადეგები უნდა აღადგინონ:
„სკოლებს ადრე დაწყებული არდადეგების გამო გაცდენილი საათების ანაზღაურება მოუწევთ, საუბარია 4 დღეზე (3 მარტი ისედაც ოფიციალური დასვენებაა). სკოლები თავად გადაწყვეტენ, რომელ პერიოდში აღადგენენ ამ დღეებს - შაბათობით, თუ სასწავლო პროცესის დასრულების (15 ივნისის) შემდეგ,“ - აღნიშნეს სამინისტროში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,1-ლი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება'' - განათლების მინისტრის მიმართვა სწავლის დაწყების დღეს

,,1-ლი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება'' - განათლების მინისტრის მიმართვა სწავლის დაწყების დღეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს:

„2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებაც უჩვეულო პირობებში გვიწევს.

თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორისა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავია, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნუციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

გაზაფხულის სემესტრში პანდემიის პირობებში საქართველოს განათლების სისტემა უმოკლეს დროში ადაპტირდა ახალ რეალობასთან და ჩვენ გუნდურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ღირსეულად და სამაგალითოდ გავუმკლავდით არსებულ გამოწვევას. შედეგად, შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა და ხარისხი. ამიტომ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ჰიბრიდული სწავლების თვალსაზრისით უკვე საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული.

წინა სემესტრში პროექტი „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც საშუალება მოგვცა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სწავლაზე ხელმისაწვდომობა. ამჟამადაც, 15 სექტემბერს, პროექტი „ტელესკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, სერიოზული დამატებითი რესურსი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის.

იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა, თითოეული მოქალაქისაგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა სკოლაში დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში.

მე, როგორც, მინისტრი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, სტუდენტსა და ლექტორს, მშობელს, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკლებლივ ყველა თანამშრომელს თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის.

ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!“ - ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

წაიკითხეთ სრულად