Baby Bag

გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები?

გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები.

მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივების საკითხი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული:

„მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით,'' - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ​ნაადრევად დაიწყო. არდადაგების თარიღის შეცვლის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.

„საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2 მარტიდან 16 მარტამდე,“ - წერია ბრძანებაში.

სკოლებს ადრე დაწყებული არდადეგების გამო გაცდენილი საათების ანაზღაურება მოუწევთ, საუბარია 4 დღეზე (3 მარტი ისედაც ოფიციალური დასვენებაა). სკოლები თავად გადაწყვეტენ, რომელ პერიოდში აღადგენენ ამ დღეებს - შაბათობით, თუ სასწავლო პროცესის დასრულების (15 ივნისის) შემდეგ. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


შეიძლება დაინტერესდეთ

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

წაიკითხეთ სრულად