ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით მე-12 კლასის პროგრამის დაძლევა, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება,რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია:
- ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
- მე-12 კლასში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
- ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
- უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლებისდაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირს დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:
- წინსმწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ დისტანციურად, ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე.
- ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ რესურსცენტრის წარმომადგენელს. რესურსცენტრი 2 დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ. რესურსცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.
იხილეთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ფოსტის მისამართები