Baby Bag

არდადეგების პერიოდში სკოლებს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდების უზრუნველყოფა ევალებათ

არდადეგების პერიოდში სკოლებს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდების უზრუნველყოფა ევალებათ

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას საგანმანათლებლო და აკადემიურ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო ხელს შეუწყობს სკოლებს, მოახდინონ საკუთარი სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იყოს მიღწეული.


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.


ამ მიმართულებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

რეკომენდაციების თანახმად სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.

შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას. ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა TEAMS-ის პროგრამის შესაძლებლობები განიხილეს და ელექტრონული სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და განათლების ისეთ ფორმებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის.

2019 წელს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ Microsoft office-ის ლიცენზირების სრული პაკეტი შეიძინა, მათ, შორის პროგრამა Teams-ი, რომლის დანერგვაც სკოლებში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს უფასო რესურსების განთავსებას პორტალზე www.el.ge.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია''

,,მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია''
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა. 

ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში არსებული მდგომარეობა და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროტოკოლებს, რომელთა მუდმივი განახლება მნიშვნელოვანია, პაციენტების მართვის პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით.

როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მართვის პროცესში პრიორიტეტია, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი. მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო დღემდე ინარჩუნებს ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს 1 მლნ მოსახლეზე ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

აგრეთვე, აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინიმუმ 4 000 საწოლია მობილიზებული და მთავრობის ამოცანაა, მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი ჰოსპიტალურ სექტორში იყოს მზადყოფნაში. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პროცესი მართვადია და ქვეყანა მზად არის, გაუმკლავდეს მეორე ტალღას - წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის ბალანსით.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება და მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია, მათ შორის, ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავება.


წაიკითხეთ სრულად