Baby Bag

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს.

ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტპროვაიდერებს, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. მთავრობის მეთაურმა აღნიშნული ინიციატივისთვის განათლების მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ამასთან ერთად, მინდა, მოვუწოდო თითოეულ ინტერნეტპროვაიდერს, რომ გაითვალისწინონ როგორც სტუდენტების, ასევე ჩვენი მოსწავლეების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან. სწორედ ამიტომ იყო ტელევიზია გამოყენებული, იმისთვის, რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჯერჯერობით სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს. დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება შეიძლება, ძალზედ აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ბატონო მიხეილ და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია - დეტალები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს. საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინ კონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, პასუხი ყველა კითხვაზე მიიღონ. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

➡ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

➡ ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;

➡ მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის, ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს. პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად