Baby Bag

ყველაფერი პროექტ „ტელესკოლაზე“, რომელიც 30 მარტიდან დაიწყება

ყველაფერი პროექტ „ტელესკოლაზე“, რომელიც 30 მარტიდან დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.

„ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.

„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

„ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

პროექტის პირველ ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.

პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას.

გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველდღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე ➡ http://mes.gov.ge/https://1tv.ge/ და ➡ https://stopcov.gov.ge/

პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ახალი პროექტისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმაც – ვებპორტალი 1tv.ge , საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად „პირველი არხი – განათლება“ გადაკეთდება, რომელიც სამომავლოდ მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიეცით მოსწავლეებს კომპლექსური საშინაო დავალებები - გამოიყენეთ სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ონლაინ პლატფორმა

განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ხორციელდება COVID-19 პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის - „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის შეიქმნა საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით.

მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ დავალებები და დამოუკიდებლად შეასრულონ, ასევე, გაეცნონ საჭირო მასალებს. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვისაც. აქ თავმოყრილი სასწავლო რესურსები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუმსუბუქებს ონლაინ რეჟიმზე გადასვლის თანმდევ სირთულეებს.

საგნობრივი ჯგუფების განყოფილებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დახვდებათ მკაფიო, ცხადი, შემეცნებითი და საინტერესო სავარჯიშოები და დავალებები. ასევე, ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა, დამხმარე რესურსები, ჰიპერბმულები, რომლებიც დამატებითი ცნობებით უზრუნველყოფს მათ.

დავალებების კვირეული პაკეტების შექმნაზე საგნობრივ ჯგუფებში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები და ეროვნული სასწავლო გეგმების კურიკულუმის განვითარების ექსპერტები. მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული.

სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მზადდება გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე - „ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს".

აქ თავმოყრილი მასალა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას შეეხება - როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო შინ, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა ტიპის თამაშით ხელი და როგორ დავგეგმოთ ბავშვისთვის საინტერესო დღე. ასავე შეიქმნება მრავალფეროვანი ონლიანრესურსიც.

პროექტის მხარდამჭერები არიან: სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS და პირველი არხი-განათლება.

დეტალები იხილეთ ვიდეოში 

წაიკითხეთ სრულად