Baby Bag

„ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან“ - მიხეილ ჩხენკელი

„ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან“ - მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.

„ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.

მიხეილ ჩხენკელი: „მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 30 მარტიდან საქართველოს პირველ არხთან ერთად, ვიწყებთ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც ჰქვია „ტელესკოლა“. ამ პროექტის ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს აქტიურად პროგრამაში და მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

გაკვეთილებს ჩაატარებენ ჩვენი გამოცდილი პედაგოგები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბიტურიენტის საათს, სადაც გამოცდილი სპეციალისტები ჩვენს აბიტურიენტებს გაუწევენ კონსულტაციებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის იქნება ცალკე საგაკვეთილო ბადე გაკეთებული, სადაც ისინი შეისწავლიან ქართულ ენას. ტელეგაკვეთილების საშუალებით მათ ასევე ექნებათ მეცადინეობები თავიანთ მშობლიურ ენაში. ამ საგნებს, უახლოეს მომავალში სხვა საგნებიც დაემატება.

ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ისიც, რომ შაბათ-კვირას ჩვენ ყველას, მთელ მოსახლეობას შევთავაზებთ ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს, რომლებიც მომზადებულია როგორც საქართველოში, ასევე ცნობილი უცხოური ტელეკომპანიების მიერ და ნათარგმნია ქართულ ენაზე. სულ ცოტა ხანში ამ პროექტში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან უნივერსიტეტის პროფესორებიც და შაბათ-კვირის განმავლობაში ისინი ყველასთვის გასაგებ ენაზე თავიანთი საგნებისა და დისციპლინების ხიბლს დაანახებენ ჩვენს მოსწავლეებს. ეს იქნება ამ პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი - უნივერსიტეტი სკოლას. მინდა ყველას ვუსურვო დიდი წარმატება ამ ძალიან საინტერესო გზაზე, რასაც განათლების მიღება ჰქვია.“

„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია - დეტალები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს. საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინ კონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, პასუხი ყველა კითხვაზე მიიღონ. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

➡ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

➡ ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;

➡ მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის, ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს. პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად