Baby Bag

განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს

განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა.

სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო საჯარო და კერძო სექტორიც. შედეგად, მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა.

ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობენ რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას:

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ.

დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს...

შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან - გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები. ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.

შეადგინეთ კვირის გეგმა

გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც. ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ: თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა - მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა. გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.

მოუსმინეთ ბავშვებს

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს, კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ. ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე.

უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ

შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი - გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე, ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი - საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები. გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით.

ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება

როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით - მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ.

შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა

დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში:

  • ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი;
  • წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას;
  • იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ;
  • დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე;
  • ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს.
  • ჩაერთეთ მთელი ოჯახი
  • სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებსაც.

თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

Skype-კონსულტაცია:

საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით. Skype: pscenter

შეიძლება დაინტერესდეთ

რჩევები მოსწავლეებსა და მშობლებს „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის

რჩევები მოსწავლეებსა და მშობლებს „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო მოსწავლეებსა და მშობლებს „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის​ რჩევებს აძლევს.

„დარჩით სახლში“ – ამ მთავარი მოწოდების ფონზე ჩვენ ვდგებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, თუ როგორ გავხადოთ სახლში გატარებული დრო სტრუქტურირებული და შეძლებისდაგვარად ნაყოფიერი და ეფექტიანი.

აქციეთ „ტელესკოლა“ ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად.

მოსწავლეებს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნონ სახელმძღვანელოებში მოცემულ საკითხებს ახალი და მრავალფეროვანი ფორმატის საშუალებით და გაატარონ დღის მნიშვნელოვანი ნაწილი საინტერესოდ.

  • გაეცანით ტელეგაკვეთილების განრიგს, რათა არ გამოგრჩეთ საინტერესო გაკვეთილები.
  • წინასწარ გაამზადეთ ის რესურსები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ ტელეგაკვეთილისთვის, მაგალითად: ფურცელი, რვეული, კალამი, ფანქრები, საშლელი, სახაზავი, მაკრატელი და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ კონკრეტული ინფორმაციის ჩანიშვნა, ცხრილის გადახატვა, საშინაო დავალების მონიშვნა.
  • ახალი ინფორმაციის მიღებისას ზოგიერთი თემა შესაძლებელია ნაკლებად გასაგები იყოს, ან კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გაგიჩნდეთ დამატებითი შეკითხვები. ასეთ შემთხვევაში, ჩამოწერეთ შეკითხვები და მოიძიეთ პასუხები სახელმძღვანელოსა თუ სხვადასხვა წყაროში. დაუსვით შეკითხვები უფროსებს. ასევე მნიშვნელოვანია, გქონდეთ აქტიური და ყოველდღიური კომუნიკაცია თქვენი საგნის მასწავლებლებთან.
  • შეეცადეთ შეასრულოთ საშინაო დავალებები (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, რათა განიმტკიცოთ და პრაქტიკულ სავარჯიშოებში გამოსცადოთ ტელეგაკვეთილის მანძილზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ დახმარება უფროსებს, ოჯახის დანარჩენ წევრებს ან დაეკონტაქტეთ მასწავლებელს.
  • რეკომენდებულია, არ გამოტოვოთ გაკვეთილები. „ტელესკოლის“ ფორმატის მიხედვით, ზოგიერთ საგანში მომდევნო გაკვეთილი შესაძლოა იყო წინა გაკვეთილების გაგრძელება იყოს, ან მიმდინარე ტელეგაკვეთილის გაგება დამოკიდებული იყოს წინა გაკვეთილის განმავლობაში ათვისებულ მასალაზე.
  • გაუზიარეთ ტელეგაკვეთილის ან მასში განხილული საკითხების შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები სხვებს: ოჯახის წევრებს ან თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებებს (კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების დახმარებით).
  • გაეცანით მომავალი ტელეგაკვეთილების თემებს განწყობის, მოლოდინებისა და წინასწარი პროგნოზის შექმნის მიზნით.
  • მშობლებო, შეუქმენით კომფორტული და მშვიდი გარემო თქვენს შვილებს, რათა უკეთ შეძლონ გაკვეთილზე კონცენტრირება. გაიზიარეთ ბავშვების ემოციები და შთაბეჭდილებები. ეს მნიშვნელოვანია როგორც მათი ემოციური კეთილდღეობისათვის, ასევე, მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ გააზრება/გაღრმავებისთვის,“ - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეგახსნებთ, რომ ორშაბათიდან ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ - ​იხილეთ ცხრილი​

წაიკითხეთ სრულად