Baby Bag

განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდებს აძლიერებს

განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდებს აძლიერებს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ელექტრონულ და სატელევიზიო ფორმატებს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს.

დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი პროექტი „ტელესკოლა“ იქნება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პირველი არხთან თანამშრომლობით 30 მარტიდან იწყებს. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

„ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.

პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას.

გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: http://mes.gov.ge; https://1tv.ge და https://stopcov.gov.ge

გარდა ამისა, დისტანციური სწავლების მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) სკოლებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზემეტიპროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზეს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება.

საქართველოს საჯარო სკოლებისთვის (ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის) შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი (600 000-მდე მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელი). ბოლო მონაცემებით პროგრამა Teams-ს უკვე იყენებს 213919 მომხმარებელი.

Microsoft TEAMS-ში შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა სკოლის კლასებისა და საგნებისთვის; განვითარდა საჯარო სკოლებისთვის მხარდამჭერი ვიდეო და ტექსტური ინსტრუქციები, რაც განთავსებულია პორტალებზე https://email.mes.gov.ge და el.ge.

საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, სადაც „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები მოხალისეობრივად ეხმარებიან მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დანერგვაში; შექმნილია ფეისბუქის ჯგუფი, სადაც EMIS-ის თანამშრომლები და „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები პასუხობენ Microsoft Office 365-ის პროდუქტების დისტანციური სწავლების მიზნებისთვის გამოყენების დროს წამოჭრილ შეკითხვებს; მიმდინარეობს მასწავლებლებისა და მოსწავლე/მშობლებისთვის ვებინარების ორგანიზება Microsoft Office 365-ის პროდუქტების გამოყენებასთან დაკავაშირებით; შეიქმნა პორტალი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლესა და მშობელს სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლის ჩართულობის გარეშე მიიღოს მოსწავლის პროფილზე წვდომა. დაემატა ბლოგების შექმნის და გაზიარების ფუნქციონალი, სადაც პარტნიორი ორგანიზაციები შეძლებენ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სტატიების განთავსებას. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი მუშაობს დისტანციური სწავლების მიმართულებით მეთოდოლოგიური გზამკვლევის შემუშავებაზე.

კომპანია Microsoft-თან თანამშრომლობით უკვე ნათარგმნია/ლოკალიზებულია TEAMS-ისსასწავლომოკლეკურსი, რომელიც განთავსებულია პორტალზე EL.GE და email.mes.gov.ge-ის ინსტრუქციების გვერდზე. მიმდინარეობს შემდეგი კურსების თარგმნა/ლოკალიზება: „21-ე საუკუნის სწავლის დიზაინი“ (21st Century Learning Design) და „ოფის 365-ის მასწავლებელთა აკადემია“ (O365 Teachers Academy). დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება Microsoft-თან Office 365-ის გარკვეული პლატფორმების, მათ შორის TEAMS-ის ქართულ ენაზე თარგმანთან დაკავშირებით.

ტექნოლოგიების დანერგვაში სამინისტრო აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა „ჩატბოტის“ შექმნაზე, რომელიც ციფრული არსებაა და დაისწავლის მომხმარებლების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს, მათთვის გაცემულ პასუხებს. ეს კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესი ავტომატიზირებული და სწრაფი გახდეს. „ჩატბოტი“ ჩაშენდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში.

სამინისტრო ასევე გეგმავს სასკოლო საზოგადოებისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით კიბერჰიგიენის მიმართულებით საინფორმაციო კამპანიას შემდეგ თემებზე:

  • ფიშინგი;
  • ქონთენთის ფილტრაცია;
  • როგორ ვაკონტროლოთ მშობლებმა ბავშვების მოწყობილობები;
  • როგორ ვიცავთ ერთიან საგანმანათლებლო ქსელს;
  • როგორ ხდება მავნე გვერდების დაბლოკვა და გარკვეული ვებგვერდების სიის განახლება;
  • რა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები აქვს EMIS უსაფრთხოების უზურნველსაყოფად;
  • როგორ ვუშვებთ ონლაინ პროქტებს ისე, რომ იყოს უსაფრთხო;
  • როგორ ვიყენებთ ბექაფირების სიტემებს;
  • როგორ არიან ბავშვები დაცულები ელექტრონული სერვისების გამოყენებისას;

პლატფორმაზეEL.GE შეიქმნა მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით თემატური რესურსებია თავმოყრილი. გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ციფრული დავალებების ბანკის შექმნის პროცესი, რაც პორტალზე EL.GE საჯაროდ გამოქვეყნდება. მიღებულ პროდუქტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდება სასკოლო სასწავლო გეგმების თემატური ერთეულების გაუმჯობესება; დისტანციური სწავლების პროცესში პედაგოგებს გაეწევა ფასილიტაცია; დისტანციური სწავლების პრაქტიკაზე დაკვირვებით შემუშავდება მეთოდოლოგიური გზამკვლევები; აგრეთვე, დაინერგება განმავითარებელი შეფასების ელექტრონულ ფორმატში წარმოება ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტების გამოყენებით.

გარდა ამისა, სამინისტრო აგროვებს მონაცემებს ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან მასწავლებელთა და მოსწავლეთა ხელმისაწვდომობის დადგენის მიზნით.

დისტანციური სწავლების უკეთ წარმართვის მიზნით სამინისტრო თანამშრომლობს კერძოსექტორთანაც. ინტერნეტ პროვაიდერებთან ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და ტექნიკურ საჭიროებებს. განხილულ იქნა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მათ საჭიროებაზე მორგებული ინტერნეტპაკეტების შეთავაზების საკითხი. მიმდინარეობს თანამშრომლობა კერძო სექტორთან კომპიუტერულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

გამომცემლობებმაგარკვეული ვადით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკუთარი წიგნების ციფრულ ვერსიაზე მისცეს უფასო წვდომა. ასევე, შესთავაზეს გარკვეული აქციები წიგნების მაღაზიებში და ფოსტით უფასო მიტანის სერვისი.

ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.

აღსანიშნავია, რომ სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი შეთავაზებით შეუერთდა. ვებგვერდი - www.sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიაწვდის. გარდა ამისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე: www.sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გადმოიწერონ ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიო რესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს სახლში მეცადინეობის საშუალებას მისცემს.

ასევე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პალიტრა L-მა მოსწავლეებს უფასოდ შესთავაზა პლატფორმაზე www.gudabooks.ge არსებული 200-მდე აუდიო წიგნი, რომლებიც ცნობილი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. ზევით ჩამოთვლილი ყველა პროექტი სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, შესაბამისად გაჩნდა ბევრი კითხვა სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მომზადდა შემდეგი რეკომენდაციები.

გთავაზობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის რეკომენდაციებს:

მთავარი ამოცანა

ამ პერიოდში განათლების სისტემისთვის პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და მოსწავლეთა საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება. მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლება განხორციელდეს არა სოციალური ქსელების, არამედ ისეთი საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო არხების გამოყენებით, რომლებითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი მოსწავლეების უსაფრთხოება. დისტანციური კომუნიკაციის/სწავლების ფორმა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ მოსწავლეთა სრული ან ხანგრძლივი მოწყვეტა სასწავლო საქმიანობისგან და მასწავლებლებისთვისა და მოსწავლეებისთვის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდეს სასწავლო პროცესის განახლება.

დისტანციური გაკვეთილები

აღვნიშნავთ, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი სრულად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს (დღეში 4-6 საათიან განრიგს), მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას, საგაკვეთილო პროცესს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ინტერაქციას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სასურველია, 20-20 წუთიანი გაკვეთილები ჩაუტარდეთ დღის განმავლობაში მაქსიმუმ ორჯერ. ამგვარი დისტანციური გაკვეთილების რაოდენობა საორიენტაციოდ ჯამში არ უნდა აღემატებოდეს კვირაში ხუთ-ექვსს. რაც შეეხება უფროსკლასელებს, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა თვითონ გაკვეთილების სტრუქტურასა და ფორმატზეა დამოკიდებული. დისტანციური გაკვეთილების დროს, ძირითადად ყურადღება უნდა ეთმობოდეს სახლის პირობებში დავალებების შესრულებისას შეძენილი ცოდნა-გამოცდილებათა გაზიარებას. ამის უზრუნველსაყოფად მოსწავლეებს სათანადო დავალებები უნდა მიეცეთ. გთავაზობთ გარკვეულ რეკომენდაციებს:

● მნიშვნელოვანია, რომ დავალება მოტივაციას უმაღლებდეს მოსწავლეს. აუცილებელია, სწავლის პროცესი დავუკავშიროთ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროს. ამ უმნიშვნელოვანესი პედაგოგიური პრინციპიდან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ კონკრეტული საგნობრივი საკითხი ან საკითხები მოსწავლის გამოცდილების სფეროებს, მათთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ კონტექსტს, რათა შევძლოთ მოსწავლისათვის მიმზიდველი დავალების პირობის შექმნა. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: დაწყებით საფეხურზე, ბუნებისმეტყველების ისეთ ცნებაზე სამუშაოდ, როგორიცაა „სხეულის აგებულება და დანიშნულება“, შესაძლებელია მოსწავლეს ვთხოვოთ, აირჩიოს სახლის ნივთებიდან სამი-ოთხი და შეადგინოს კატალოგი - დახატოს ეს ნივთები და თითოეულს ქვემოთ მიუწეროს, რა ნაწილებისგან შედგება, რა ნივთიერებისგან არის დამზადებული. კატალოგის წარდგენისას მოსწავლეები იმსჯელებენ, რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ნივთის ფუნქციონირებისათვის/გამოყენებისათვის მის ნაწილებს და რატომ არის ისინი დამზადებული ამა თუ იმ ნივთიერებისგან. დარწმუნებული ვართ, თუ ამ მიმართულებით დაიწყებენ მასწავლებლები ფიქრს, ისინი უამრავ საინტერესო დავალებას შესთავაზებენ სახლებში მყოფ მოსწავლეებს ამ თუ იმ საგნობრივი ცნებისა თუ საკითხის დასამუშავებლად.

● როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში ვნახეთ, დავალება კონკრეტული პროდუქტის შექმნას გულისხმობს. ამდენად, იგი შეესაბამება „კეთებით სწავლის“, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნების უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელსაც გამოხატავს ჩინური გამონათქვამი: „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“. ამ პრინციპის დაცვას მოითხოვდა დიმიტრი უზნაძეც, რომელიც ამბობდა: „რაც ჩვენთვის პრაქტიკულად არაა მოცემული, მისი გაცნობიერების შესახებ ზედმეტია ლაპარაკი“. აქედან გამომდინარე, დავალების პირობა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას. გარდა ამისა, მოზარდებისათვის (ისევე როგორც ზრდასრულებისთვის) პროდუქტის შექმნა წარმოადგენს მიმზიდველ, მამოტივირებელ საქმიანობას, რომელიც მათ თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. სოციალიზაციისა და სოლიდარობის განცდის გასაძლიერებლად სასურველია, რომ მოსწავლეებს შევთავაზოთ საერთო, კოლექტიური პროდუქტების შექმნაც (მაგ., ამბის შეთხზვა კონკრეტულ თემაზე და გაფორმება). ცხადია, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომია სათანადო ციფრული რესურსები.

● როგორი და რა შინაარსის უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილები? დისტანციური გაკვეთილები, უფრო ზუსტად კი, დისტანციური შეხვედრები უნდა ეძღვნებოდეს მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების წარმოდგენას და ჩატარებულ სამუშაოთა გასიტყვებას. კერძოდ, ამ შეხვედრებზე მოსწავლეები აღწერენ და განმარტავენ, რა და როგორ გააკეთეს, რა დასკვნები გამოიტანეს, რა გაუძნელდათ ან გაუადვილდათ. მასწავლებელი ფასილიტაციას გაუწევს ნამუშევრების შესრულების დროს წამოჭრილ საგნობრივ საკითხებსა თუ პრობლემებზე მსჯელობას.

● ამის შესაბამისად, დისტანციური სწავლების პროცესი ამგვარ სახეს მიიღებს: მოსწავლეები ამა თუ იმ არხით მიიღებენ ისეთ დავალებას, რომელიც უკავშირდება მათი ცოდნა-გამოცდილების სფეროს და მოითხოვს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზით კონკრეტული საგნობრივი საკითხის დამუშავებას. წინასწარ დანიშნულ დროს, მასწავლებლის მიერ ორგანიზებული დისტანციური შეხვედრისას, მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ ნამუშევრებს, მასწავლებელი კი ხელს შეუწყობს პრაქტიკულ ცოდნათა გასიტყვებისა და საკითხთა გაგება-გაცნობიერების პროცესებს გეზის მიმცემი შეკითხვების დასმით.

● მოცემულ პერიოდში დაუშვებელია ნიშნების წერა, განმსაზღვრელი შეფასებების ჩატარება. დისტანციური შეხვედრები ორიენტირებული უნდა იყოს სწავლისა და გაგების პროცესების მხარდაჭერაზე, მოსწავლეთა დახმარებასა და დაკვალიანებაზე; მათი მონდომების დაფასებაზე, ასევე სოციალიზაციისა და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაზე.

● პრიორიტეტული ადგილი უნდა მიენიჭოს ისეთ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს ეკრანებთან ხანგრძლივად ყოფნას - სახლებში „გამოკეტილი“ მოზარდები ისედაც ზედმეტ დროს ატარებენ ეკრანთან.

მშობლებთან კომუნიკაცია

● ამ ისედაც სტრესულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს არ შევუქმნათ დამატებითი სირთულეები. ისინი უნდა დავამშვიდოთ და ავუხსნათ, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმდინარე დისტანციური სწავლება არსებითად მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. არავის მოეთხოვება პასუხი შეუსრულებელი დავალების გამო - ვისაც როგორ შეუძლია, ისე ჩაერთვება ამ პროცესებში.

● მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება. ამიტომ უნდა შევარჩიოთ და ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით გავუგზავნოთ თუ მივაწოდოთ მოსწავლეებს იმ ტიპის შემეცნებითი-შემოქმედებითი დავალებები, რომელთა შესრულებასაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ სახლის პირობებში, აგრეთვე ისეთი დავალებები, რომლებიც მინიმალურ ახსნა-განმარტებებს საჭიროებს. გარდა ამისა, მოსწავლეებს უნდა მივცეთ ნათელი, მკაფიო დამხმარე მასალა და ინსტრუქციები, რათა მათ ადვილად გაიგონ, რას მოითხოვს დავალება. არ უნდა დავივიწყოთ ასევე დამხმარე საშუალებები (სანიმუშო მაგალითები, სახელმძღვანელოს კონკრეტული პარაგრაფიან გვერდი და სხვ.).

● ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობლების მიერ დასმულ კითხვებს, აუცილებლად დავამყაროთ მათთან უკუკავშირი და ნათლად ავუხსნათ, როგორი ფორმით ვმუშაობთ მათ შვილებთან.

● შესაძლებელია, მშობლებს კვირის განმავლობაში შესასრულებელი დავალებების განრიგის შედგენაში დავეხმაროთ.

● ასევე მშობლებს შევახსენოთ, რომ ცოდნათა განტკიცება-გამდიდრებას ხელს უწყობს საოჯახო აქტივობებიც და მივაწოდოთ მათ იდეები (საინტერესო და ყოველდღიურობაში ადვილად განსახორციელებელ იდეებს სთავაზობს მშობლებს Gpried-ის პროექტი. იხ. kargiskola.ge).

* შენიშვნა: სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი ამზადებს რესურსების ნაკრებს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები, დავალებათა ნიმუშები და მეთოდიკური გზამკვლევი.

წაიკითხეთ სრულად