საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაში ინიციატივით გამოდის, რომ მოსწავლეებს სკოლის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის შემთხვევაში, გადაბარების საშუალება მიეცეთ:
„ჩემი რეკომენდაციაა მოსწავლეებს მივცეთ გადაბარების შანსი, რადგან დღეს ძალიან დიდი რისკის მატარებელია საატესტატო გამოცდების თითოეული ეტაპი და წარმატებულმა მოსწავლემ, თუნდაც ერთ გამოცდაში წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ვეღარ შეძლოს სწავლის გაგრძელება შემდგომ ეტაპებზე. არის ქვეყნები, სადაც არსებობს საკომპენსაციო, დამაბალანსებელი ქულის მექანიზმი. მაგალითად, არაერთი მოსწავლის შემთხვევა ვნახეთ, რომ 8 სავალდებულო გამოცდიდან მან ჩააბარა 7, მაგრამ ერთ გამოცდაში ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი. მინიმალური ბარიერის უკან დგას სისტემა, რომელიც უცნობია პედაგოგებისთვისაც კი. ეს არის საკმაოდ დახურული სისტემა. ასეთი მაღალი რისკის მატარებელი ტესტი არ უნდა იყოს, ან უნდა მივცეთ მოსაწავლეებს საშუალება ალტერნატიული გზით დაადასტურონ საკუთარი ცოდნა. თუ მოსწავლე 7 გამოცდას აბარებს და ვერ აბარებს ერთს, რომელიც შეიძლება მისთვის პროფილური საგანი არ იყოს, ხდება შედეგების გათანაბრება, ეს დაახლოებით, საშუალო ქულის გამოყვანაა.“
გთავაზობთ ტესტების ნიმუშებს და თავად განსაზღვრეთ მათი სირთულე.
თქვენი აზრი კომენტარებში გაგვიზიარეთ - უნდა მიეცეთ თუ არა, საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს გადაბარების საშუალება.
ცნობისთვის საატესტატო გამოცდების პრინციპი შემდეგია:
წარმოვიდგინოთ მოსწავლე, რომელიც იწყებს გამოცდის ჩაბარებას. რადგან თავიდან პროგრამას არა აქვს ინფორმაცია მოსწავლის შესაძლებლობის შესახებ, მას (ამ მოსწავლეს) ჯერ მისდის სამი შემთხვევით შერჩეული საშუალო სირთულის დავალება. ამ დავალებებზე პასუხების მიხედვით, პროგრამა აკეთებს მოსწავლის უნარის პირველად შეფასებას და შემდეგ დავალებას არჩევს ამ შეფასების მიხედვით. ყოველი შემდგომი პასუხისას ხდება მოსწავლის უნარის შეფასების დაზუსტება და მომდევნო დავალება შეირჩევა უკვე დაზუსტებული შეფასების მიხედვით. ასე გრძელდება, სანამ შეფასება არ გახდება საკმარისად ზუსტი შეკითხვების მაქსიმალური რაოდენობის (40-50 დავალება) ამოწურვამდე.